SJC: მანაგაძის მიმართ ძალადობაზე გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს

SJC: მანაგაძის მიმართ ძალადობაზე გამოძიება არასწორი კვალიფიკაციით მიმდინარეობს

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა თსუ-ისა და აქტივისტის, ნიკო მანაგაძის მიმართ 7 ივნისს მომხდარი ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე პროკურატურას საგამოძიებო მოქმედებების მყისიერად ჩატარების და ქმედებისთვის კვალიფიკაციის შეცვლის მოთხოვნით მიმართა.

ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მასალების საფუძველზე ნათელი გახდა, რომ მანაგაძის მიმართ ჯგუფური ძალადობის საქმის გამოძიება ფორმალურია და არასწორი, უფრო მსუბუქი მუხლით მიმდინარეობს.

"ჯგუფის წევრების ქმედებებისა და საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გათვალისწინებით, ჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ სავარაუდოდ ჩადენილია ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა (სსკ-ის 225-ე მუხლის მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილი).

ძალადობრივი ჯგუფის წევრებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაციამ, რა დროს ტოვებდა ნიკოლოზ მანაგაძე უნივერსიტეტს, ისინი წინასწარ იყვნენ მობილიზებულები შესაბამის ტერიტორიაზე და ფიზიკური ძალადობაც წინასწარ იყო დაგეგმილი. ნიკოლოზ მანაგაძის მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები ვერ შეფასდება, როგორც ცალკე აღებული, დამოუკიდებელი, სპონტანური, ჯგუფური ქმედება, კონკრეტულ დროს სიტუაციიდან გამომდინარე ჩადენილად"- ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც რომ მანაგაძეზე განხორციელებული ძალადობის პირველი შემთხვევა. მას ფიზიკურად გაუსწორდა კობახიძის ლექციის პარალელურად მობილიზებული პირთა ჯგუფი იმავე ადგილას 2024 წლის 20 აპრილსაც.

"სამწუხაროდ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დრომდე არ უზრუნველყო არცერთი შემთხვევის ეფექტური გამოძიება და დამნაშავე პირების დასჯა. სახიფათო და ნიშანდობლივია ისიც, რომ რეაგირების გარეშე დატოვა სამინისტრომ სოციალური სამართლიანობის ცენტრის 6 ივნისის განცხადებაც, რომელიც შეეხებოდა 2024 წლის 19 მაისს, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ნიკოლოზ მანაგაძის სახლთან ნიღბიანი პირების მობილიზებას. სავარაუდოა, რომ ჩასაფრებულმა პირებმა იცოდნენ, როდის აპირებდა ნიკო მანაგაძე სახლის დატოვებას, რადგან ის ერთ-ერთ გადაცემაში იყო მიწვეული.

დასახელებული მოქმედებები საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და წესრიგს უქმნის საფრთხეს და მნიშვნელოვანია გამოვლენილ ქმედებებს მიეცეს ადეკვატური სამართლებრივი შეფასება. ამდენად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მომხდარისათვის სწორი კვალიფიკაციის მიცემა, ყველა პასუხისმგებელი პირის გამოკვეთა და დროული დასჯა. ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი ჯგუფის მიმართ გამოხატული სამართლებრივი და პოლიტიკური ლოიალობა და მათი დაუსჯელობა შემაშფოთებელია და ზრდის ახალი ძალადობრივი შემთხვევების რისკებს"- ნათქვამია განცხადებაში

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • უზრუნველყოს ყოველმხრივ, სრული, ობიექტური გამოძიების წარმოება ნიკოლოზ მანაგაძის მიმართ ძალადობრივი ჯგუფის წევრების მხრიდან ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე და მას სათანადო სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცეს;
  • დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დამნაშავე პირების სწრაფი იდენტიფიცირება და მათ მიმართ მყისიერი სამართლებრივი ზომების მიღება;
  • გამოძიების პროცესში განუხრელად დაიცვას დაზარალებულის სამართლებრივი ინტერესები.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს გამოძიების პროცესში ნიკოლოზ მანაგაძის ინტერესების დაცვას.

***

მოძრაობა თავისუფლებისთვის აქტივისტ ნიკო მანაგაძეს 7 ივნისს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მას თავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან დაესხნენ, მაშინ, როცა ის ლექციიდან გამოდიოდა.

ნიკო მანაგაძე აქციის - დახვდი კობახიძეს ერთ-ერთი ორგანიზატორია.