
სოციალური სამართლიანობის ცენტრი 31 მარტს, პოლიციის მიერ ლუკა კინწურაშვილის უკანონო დაკავების ფაქტს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ეს შემთხვევა კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა, რომ პოლიციის მხრიდან თვითნებობა და დაკავებულების მიმართ არაადამიანური მოპყრობა უკვე ნორმალიზებულ პრაქტიკად იქცა.
SJC-ს თანახმად, ლუკა კინწურაშვილმა რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში ადვოკატს განუცხადა, პოლიციის თანამშრომლებმა ის პირადი დათვალიერების დროს სრულად ორჯერ გააშიშვლეს - როგორც პოლიციის განყოფილებაში მიყვანისას, ისე დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლების დროს.
31 მარტს, საღამოს 8 საათზე, ვაჟა-ფშაველას გამზირზე პოლიციამ ლუკა კინწურაშვილი თვითნებურად დააკავა და მას პრევენციის ზოგადი და ფორმალური საფუძვლით ჩანთის ჩხრეკა და ტელეფონში „ტელეგრამის“ ჩატზე წვდომა მოსთხოვა. ლუკა კინწურაშვილმა ჩანთის შემოწმებაზე თანხმობა განაცხადა, ხოლო მობილურზე წვდომის მიცემამდე, კონსულტაციის მიღების მიზნით ჩვენი ორგანიზაციის ადვოკატს დაუკავშირდა.
ადვოკატმა ტელეფონით კომუნიკაციისა პოლიციას მოსთხოვა განემარტა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით და რა პროცედურით ითხოვდნენ ლუკასგან პირადი ტელეფონის დათვალიერებას. ასევე განუცხადა, რომ თავად მალევე იქნებოდა ადგილზე, რათა პოლიციას მისი მონაწილეობით ჩაეტარებინა ნებისმიერი საპოლიციო ღონისძიება, ლუკა კინწურაშვილს კი მის მისვლამდე ლაივში ჩართვა ურჩია. რის შემდეგაც, პოლიციამ ლუკა კინწურაშვილს ტელეფონი წაართვა და იგი ადმინისტრაციული წესით დააკავა.
SJC წერს, რომ დაკავებულს არ მიეცა ოჯახთან და ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობა. შესაბამისად, დაკავებიდან 6 საათის განმავლობაში, არც ოჯახის წევრების და არც მისი უფლებადამცველებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა ინფორმაცია ლუკას ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ.
შსს ლუკა კინწურაშვილს ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ პოლიციის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლის მე-3 მუხლი) და მისი დაკავების ვადა მაქსიმუმამდე - 48 საათით არის გახანგრძლივებული.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, რომ განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ბოლო პერიოდში, პოლიციის მხრიდან დაკავებულების იძულებითი გაშიშვლება განმეორებადი პრაქტიკა გახდა და არაადამიანური მოპყრობის ეს განსაკუთრებულად დამამცირებელი ფორმა სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის ნაწილად იქცა.