SJC: ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

SJC: ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) ინფორმაციით, ბათუმელ მედროშეს, თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ.

ორგანიზაციის თქმით, 2025 წლის 30 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ და მას ნებაყოფლობით ქვეყნის დასატოვებლად 10-დღიანი ვადა განუსაზღვრა. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მათთვის ოფიციალურ ზეპირ კომუნიკაციაში მოცემული განმარტებით, აღნიშნული ვადის ათვლა ჯერ არ დაწყებულა და ის მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც სასამართლო მიგრაციის დეპარტამენტის მიერ გაძევების შესახებ მიღებულ აქტზე საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს.

შესაბამისად, მათივე ცნობით, ამ ეტაპზე თემურ ქათამაძე კვლავ მიგრაციის დეპარტამენტის დროებით მოთავსების ცენტრში იმყოფება და ელოდება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას.

"ეროვნულ დონეზე საქმის წარმოებაში თემურ ქათამაძეს სამართლებრივ მხარდაჭერას, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ორგანიზაცია უწევს.

ადგილობრივ დონეზე სასამართლო დავის დასრულებისა და გაძევების პროცედურების დაწყებისთანავე კი სოციალური სამართლიანობის ცენტრი გეგმავს მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მოითხოვოს დროებითი ღონისძიების მექანიზმის გამოყენება, თურქეთში მისი იძულებითი გაძევების პირობებში მოსალოდნელი უფლებების დარღვევის პრევენციის მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.