სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) ცნობით, გორის რაიონულმა სასამართლომ მათ მიერ გორის სოციალური საცხოვრისის მაცხოვრებლების სახელით წარდგენილი სარჩელის განხილვა დაიწყო.
საქმე საცხოვრისში შექმნილ უკიდურესად მძიმე და ღირსების შემლახავ საცხოვრებელ პირობებს ეხება. SJC უსახლკარო ადამიანების ღირსეულ ალტერნატიულ საცხოვრებელში დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს.
"4 ივნისს, სასამართლომ განმწესრიგებელი სხდომა გამართა და მხარეთა პირველადი პოზიციები მოისმინა. სამწუხაროდ, ამ სხდომამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ უსახლკარო ადამიანებისთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შექმნა მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს.
მერიის დამოკიდებულების საილუსტრაციოდ უნდა ითქვას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს არ წარმოუდგენია წერილობითი შესაგებელი ან ზეპირი არგუმენტაცია, რომლითაც სოციალური სამართლიანობის ცენტრის სარჩელს უპასუხებდა და განმარტავდა იმას, თუ რატომ არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას.
უფრო მეტიც, ზეპირი კომუნიკაციისას მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო მიიღებდა გადაწყვეტილებას სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარების განსახლების თაობაზე, მუნიციპალიტეტი არ/ვერ აღასრულებდა ამ გადაწყვეტილებას", - აცხადებენ SJC-ში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, ზემოთ აღწერილი გარემოება კიდევ ერთხელ აჩვენებს სამართლის უზენაესობის კრიზისს, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია შექმნილი - საჯარო მოხელისა და, ზოგადად, ადგილობრივი თვითმმართველობისთვის, სასამართლო გადაწყვეტილებას არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია და განხილვის პროცესის საწყის ფაზაშივე უთითებს მის აღუსრულებლობაზე.
მათივე თქმით, ამ განხილვამ კიდევ ერთხელ ცხადად დაგვანახა სახელმწიფოს, მათ შორის, მუნიციპალური ხელისუფლების, წლობით ფესვგამდგარი მცდარი დამოკიდებულება, რომლის მიხედვითაც, სოციალური უფლებების განხორციელების უზრუნველყოფა არა სახელმწიფოს ვალდებულება, არამედ კეთილი ნებაა.
SJC-ს ინფორმაციით, გორის სოციალურ საცხოვრისში, 100-ზე მეტი უსახლკარო ადამიანი, მათ შორის, ბავშვები, შშმ პირები, ხანდაზმულები, უკიდურესად ღირსების შემლახველ პირობებში, წლების განმავლობაში ცხოვრობს. შენობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მისი უკანა კედელი ირღვევა და მაცხოვრებლები საცხოვრისის ნგრევის შიშის ქვეშ ცხოვრობენ. შენობის ავარიულობის გამო შიდა საცხოვრებელი სივრცეებიც დეფორმირებულია და კედლები ინგრევა.
გარდა ამისა, SJC-ს ცნობით:
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის დასაწყისიდან დღემდე სოციალური სამართლიანობის ცენტრმა არაერთხელ მიმართა მუნიციპალიტეტს მაცხოვრებლების საჭიროების გათვალისწინებისა და მათთვის ალტერნატიული საცხოვრებლის გამოყოფასთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობა რეალურ ნაბიჯებს არ დგამს.
"უკანასკნელ წლებში მუნიციპალიტეტმა მხოლოდ ერთი ღონისძიება განახორციელა - სანიტარული კვანძების სარეაბილიტაციო და საცხოვრისის ეზოში აბანოს მშენებლობის სამუშაოებზე შპს “ბილდკინგსთან” 438 414 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.
სამწუხაროა, რომ მუნიციპალიტეტი საკუთარ ვალდებულებას რამდენიმე საერთო სველი წერტილის გარემონტებითა და ეზოში, შშმ პირებისა და ხანდაზმულებისთვის მიუწვდომელი აბანოს მშენებლობით შემოფარგლავს, რაც სრულიად დაშორებულია სათანადო საცხოვრებლის უფლების შინაარსსა და უხეშად არღვევს მას", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
SJC-ში ამბობენ, რომ 18 ივნისს სასამართლო საქმის არსებით განხილვას იწყებს. საცხოვრისის ბენეფიციარების საქმეებს იგი ინდივიდუალურად განიხილავს, თუმცა მის მიერ პირველივე საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება სხვა საქმეებზეც. სოციალური სამართლიანობის ცენტრი საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას სასამართლო პროცესის წარმართვისა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.