Reuters წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უკრაინაში მიმდინარე ფრონტის ხაზებზე ცეცხლის შეწყვეტა სურს. ინფორმაციას გამოცემა 4 რუსულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების თანახმად, ვლადიმერ პუტინს ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკების დაწყება სურს იმ პირობით, რომ შეთანხმება აღიარებს მიმდინარე ფრონტის ხაზებს. ასევე, წყაროები ამბობენ, რომ ის მზადაა გააგრძელოს ომი, თუ კიევი და დასავლეთი არ უპასუხებენ.
"პუტინს შეუძლია იბრძოლოს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება, მაგრამ ის ასევე მზად არის ცეცხლის შეწყვეტისთვის - ომის გაყინვისთვის", - უთხრა Reuters-ს ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის წყარომ რუსეთიდან, რომელიც ადრე ვლადიმერ პუტინთან ერთად მუშაობდა.
Reuters-ის თანახმად, სამი წყარო, რომელიც იცნობს პუტინის გარემოცვაში არსებულ დისკუსიებს, ამბობს, რომ რუსეთის ლიდერმა მრჩეველთა მცირე ჯგუფთან იმედგაცრუება გამოთქვა იმაზე, რომ მოლაპარაკებების შეჩერება და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მოლაპარაკებების გამორიცხვა დასავლეთის მიერ არის მხარდაჭერილი.
ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ამ თემაზე Reuters-ის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ კრემლის ლიდერმა არაერთხელ მიანიშნა იმაზე, რომ რუსეთი ღიაა დიალოგისთვის, რათა მიაღწიოს თავის მიზნებს, რადგან, ქვეყანას არ სურს "მუდმივი ომი".
გამოცემა წერს, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში მათი კითხვებისთვის ჯერ არ უპასუხიათ.