ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები კაიროში განახლდება. ინფორმაციას Reuters-ი ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურში რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისრაელის და ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის დელეგატებს კაიროში დღეს ელოდებიან, თუმცა Reuters-ის კიდევ ერთი წყაროს ცნობით, ისრაელი დელეგაციის გაგზავნას ეგვიპტეში იქამდე არ აპირებს, სანამ ჰამასი თელავივს მძევლებს არ გადასცემს და ასევე ცოცხალი ტყვეების სრულ სიას არ მიაწვდის. თავის მხრივ, შეთანხმების გაფორმების წინაპირობად ჰამასი კვლავ აყენებს ღაზის ჩრდილოეთ ნაწილიდან ისრაელის არმიის გაყვანასა და ომის სრულ დასრულებას.
როგორც Reuters-ი წერს, იმედი ცეცხლის შეწყვეტაზე ამ კვირის განმავლობაში გაჩნდა, მას შემდეგ რაც დოჰაში, კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით მორიგი მოლაპარაკებების რაუნდი ჩატარდა.
ასევე მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მუსლიმთა წმინდა თვის რამადანის დაწყებამდე გახდება შესაძლებელი.
წყაროების ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის ვადა, შეთანხმების შემთხვევაში სავარაუდოდ 6 კვირა იქნება.