სააგენტო Reuters-ი სამ ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკომისია ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის შეფასებას - უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან მიმართებით 8 ნოემბერს გამოაქვეყნებს.
გამოცემის თანახმად, ევროკომისია უკრაინას დადებით შეფასებას მისცემს, შესაძლოა, დამატებითი პირობებით, საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით კი გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.
"მოსალოდნელია, რომ კიევი მიიღებს დადებით შეფასებას, შესაძლოა, დამატებითი პირობებით, რომელიც კავშირშია კორუფციასთან ბრძოლასთან და უმცირესობების უფლებებთან (ეს საკითხი უნგრეთმა წამოჭრა). [...]
რაც შეეხება სხვა პრეტენდენტებს, მიმდინარე კვირას EU-ის წარმომადგენელმა თქვა, რომ ანალოგიური რეკომენდაცია შესაძლოა გაცემული იყოს მოლდოვასთან მიმართებით, სადაც ბლოკი ასევე ჩართულია გეოპოლიტიკურ ბრძოლაში რუსეთთან", - ნათქვამია Reuters-ის სტატიაში.
რაც შეეხება საქართველოს, Reuters-ი ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, რომ "საქართველოსთვის ფორმალური სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის".
2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - არა. საბჭომ განაცხადა, რომ მზადაა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი მოგვარდება მთელი რიგი პრობლემებისა.
მდგომარეობის გამოსასწორებლად ევროკავშირმა საქართველოს 12-პუნქტიანი გეგმა მისცა.
დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციური გაძლიერება, ანგარიშვალდებულება, მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის დამოუკიდებლობა - ეს იმ ძირითადი რეკომენდაციების ნაწილია, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, ისევე როგორც ევროკომისარმა ოლივერ ვარჰაიმ განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობამ 12 პრიორიტეტიდან 3 შეასრულა.