RSF: ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ საერთაშორისო გამოძიებას მოვითხოვთ

RSF: ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ საერთაშორისო გამოძიებას მოვითხოვთ

ორგანიზაცია რეპორტიორები საზღვრების გარეშე (RSF) საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს და საპროტესტო აქციების დროს, მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ თავდასხმას გმობს.

RSF აღნიშნავს, რომ თავდასხმის ფაქტებს სისტემატური ხასიათი აქვს, რაც შოკისმომგვრელია. ამასთან, მოუწოდებს ევროკავშირს, იმოქმედოს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების დაუსჯელობის წინააღმდეგ, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიას

"ქართული ოცნება დემოკრატიისთვისა და მედიისთვის ნამდვილი კოშმარია. პოლიციის სრული დაუსჯელობა და ახალი კანონები სერიოზულ საფრთხეს უქმნის სანდო ინფორმაციის უფლებას. ევროინტეგრაციის საკითხის გარდა, ეს მოვლენები განასახიერებს ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის რუსული გავლენისგან.

RSF სასწრაფოდ ითხოვს ევროკავშირისგან გადამწყვეტ მოქმედებას და საერთაშორისო გამოძიებას ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ, რათა პასუხისმგებელი პირები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ", - თქვა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის RSF-ის ოფისის ხელმძღვანელმა, ჟანა კაველიემ.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საპოლიციო ძალებმა გამოიყენეს ცრემლმდენი გაზი, წყლის ჭავლის მანქანები, ხოლო რამდენიმე ჟურნალისტმა ისეთი სახის დაზიანებები მიიღო, რომ ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდათ და მათი ნაწილი სამსახურში დაბრუნებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.

RSF ხაზს უსვამს, რომ ოცნების დრაკონული კანონები პრობლემებს უქმნიან ჟურნალისტებსაც, რომლებიც აქციების გაშუქებისას, ცრემლმდენი გაზისგან თავის დაცვის მიზნით სახეს ფარავენ.

ორგანიზაციის ცნობით, 2024 წელს, მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში, საქართველო 180 ქვეყანას შორის 103-ე ადგილზეა.