RSF-ის მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუარესდა

RSF-ის მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუარესდა

ორგანიზაციამ რეპორტიორები საზღვრების გარეშე (RSF) მედიის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს მაჩვენებელი გაუარესებულია.

წინა წელთან შედარებით, ქვეყანა 11 პოზიციით ჩამოქვეითდა და 114-ე ადგილს იკავებს.

ანგარიშში ნათქვამია ქართული ოცნების მიერ გატარებულ რეპრესიებსა და დამოუკიდებელი, ოპოზიციური მედიების შეზღუდვის პოლიტიკაზე.

"გარემო რჩება მტრული დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის, ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობით. "უცხოური გავლენისა" და "ოჯახური ღირებულებების" შესახებ კანონების მიღება ჟურნალისტების მარგინალიზებს ახდენს, უწესებს მათ ცენზურას და ამცირებს სიტყვის თავისუფლების სივრცეს".

ანგარიშში წერია, რომ ოცნებამ არ შეასრულა ევროკავშირის რეკომენდაციები, რომლებიც გაწევრიანების პროცესის დაწყებისთვის აუცილებელი პირობაა.

ანგარიშის მიხედვით, "მედიის მფლობელები ხშირად აკონტროლებენ სარედაქციო შინაარსს", მაგალითად კი მოყვანილია რუსთავი 2-ის შემთხვევა, "რომელმაც შეცვალა სარედაქციო ხაზი ყოფილ მფლობელზე გადაცემის შემდეგ".

ნახსენებია საზოგადოებრივი მაუწყებელიც, რომელმაც, "ხელისუფლების ჩარევა განიცადა".

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყანა ახალ და სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისშია და ქვეყანაში "სატელევიზიო არხებზე კონტროლისთვის კონკურენციაა".

ანგარიშში ნახსენებია "უცხოული გავლენის" შესახებ კანონის ზემოქმედება განსაკუთრებით ონლაინმედიებზე, რომლებსაც დასავლური ინსტიტუტებიდან დაფინანსების მიღებას უკრძალავს. საუბარია გაუარესებულ სარეკლამო ბაზარზეც.

ანგარიშის თანახმად, ჟურნალისტების უსაფრთხოება კვლავ პრობლემურია.

"ხშირია სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ჟურნალისტებზე, მათ შორის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან, განსაკუთრებით საარჩევნო კამპანიის დროს", - წერია ანგარიშშია და ხაზგასმულია, რომ ასეთ საქმეებზე გამოძიება, ფაქტობრივად, არ მიმდინარეობს.