რადიო თავისუფლებამ ევროპული საბჭოს უახლოესი შეხვედრის სამუშაო დოკუმენტი მოიპოვა, რომელშიც საქართველოზეა საუბარი და ნათქვამია, რომ "საქართველოს ამჟამინდელი კურსი აჩერებს ევროინტეგრაციას".
რადიო თავისუფლების ცნობით, "ევროპული საბჭო იმეორებს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის კურსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის სადამფუძნებლო ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება".
"ევროპული საბჭო იმეორებს, რომ მოქმედების ამჟამინდელი კურსის შეუცვლელობა საფრთხეში აგდებს საქართველოს ევროპულ გზას, ფაქტობრივად, მას აჩერებს. მოუწოდებს საქართველოს, განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები ევროპული ინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად" - ნათქვამია დოკუმენტში.
რადიო თავისუფლების ცნობით, სამუშაო დოკუმენტში საქართველოს შესახებ კიდევ ორი ჩანაწერია. მათგან პირველში ნათქვამია, რომ ევროკავშირი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების "თავისუფალ და სამართლიან" გარემოში ჩატარებას ელის, მეორეში კი ხაზგასმულია ევროკავშირის "ურყევი მხარდაჭერა" საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ევროპული საბჭოს მომდევნო შეხვედრა ბრიუსელში 17 და 18 ოქტომბერს გაიმართება.