Politico წერს, რომ რამდენიმე ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირს საქართველოსა და მოლდოვაში "დესტაბილიზაციის მცდელობებში" მონაწილე ოლიგარქებისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდეს.
"ეს ორი ქვეყანა დესტაბილიზაციის მცდელობების წინაშე დგას, რაც ჩვენს უდიდეს სიფხიზლეს მოითხოვს და ეს შესაძლოა გაამართლებს ჩვენს მცდელობებს სამიზნედ ამოვიღოთ ისინი, რომლებიც დესტაბილიზაციაში მონაწილეობას იღებენ." - თქვა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ.
რუმინელმა და ესტონელმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე მოუწოდეს ბლოკს მოლდოვაში პრორუს ოლიგარქებისთვის სანქციების დაწესებისკენ.
ურმას რეინსალუმ თქვა, რომ ევროკავშირს "აკისრია პასუხისმგებლობა, გამოიყენოს და შექმნას სანქციების ახალი მექანიზმი რუსი მარიონეტული აგენტების წინააღმდეგ, იმ ოლიგარქების წინააღმდეგ მოლდოვაში, რომლებიც ამზადებენ გადატრიალებას."
Politico წერს, რომ მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა უკრაინასთან ერთად - მაშინ, როდესაც საქართველოს მოუწევს რამდენიმე რეფორმის განხორციელება, მათ შორის ოლიგარქების პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის შეზღუდვა.
"იმავდროულად, ათასობით ადამიანმა ორი კვირის წინ თბილისში გამოაცხადა საპროტესტო აქცია "უცხოელი აგენტების" საკამათო კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მოსკოვის მიერ იყო ნაკარნახევი.
მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" მხარი დაუჭირა კანონპროექტს სამი დღის შემდეგ - მაგრამ ქართველების მზარდი რაოდენობა შიშობს, რომ მათი მთავრობა მოსკოვთან დაახლოებას ექვემდებარება.
პარტიის დამფუძნებელს, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს მჭიდრო კავშირები აქვს რუსეთთან, სადაც მან თავისი ქონება 1990-იან წლებში ააშენა."- წერია სტატიაში.