POLITICO: საქართველოს მმართველი პარტია "რუსული სტილის" უცხოელი აგენტების კანონს აბრუნებს

POLITICO: საქართველოს მმართველი პარტია "რუსული სტილის" უცხოელი აგენტების კანონს აბრუნებს

POLITICO ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის ხელახალი ინიცირების შესახებ სტატიას აქვეყნებს.

გამოცემა წერს, რომ მასობრივი პროტესტებიდან ერთი წლის შემდეგ საქართველოს მთავრობა აბრუნებს საკამათო წინადადებას, რომელიც ოპოზიციურ მედია საშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს უცხოური გავლენის აგენტებად ასახელებს.

"მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" ოთხშაბათს დაადასტურა, რომ ე.წ. უცხოელი აგენტების კანონი აღდგება. მისი უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, კანონის ტექსტი პრაქტიკულად უცვლელი დარჩება და ორგანიზაციები, რომლებიც საზღვარგარეთიდან დაფინანსებას იღებენ, ვალდებულნი იქნებიან განაცხადონ, რომ ისინი "გარე ძალის ინტერესებს ახორციელებენ", - წერია სტატიაში.

POLITIOCO ეყრდნობა Human Rights Watch-ის 2023 წლის რუსული კანონის შესახებ ანალიზს, რომლის მიხედვითაც ეს კანონი გამოიწვევს დამატებით გართულებებს ინსპექტირებას და ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მხრივ და მისი დარღვევისთვის ითვალისწინებს 5 წლამდე თავისუფლების აღღკვეთასაც.

რუსეთმა მსგავსი ზომები გამოიყენა კრემლის მიმართ კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო ჯგუფების გასანადგურებლად.

ამასთანავე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა 2023 წელს განაცხადა, რომ რუსული კანონის ქართული ვერსია შეუსაბამო იქნებოდა ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებთან და "ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ."

***

ქართული ოცნება რუსულ კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა დააინიცირებს. ეს უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა.

მან პარტიის ვრცელი განცხადება წაიკითხა, სადაც უმრავლესობა კვლავ თავს ესხმის არასამთავრობო სექტორს და მათგან დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს.

მდინარაძის თქმით, კანონპროექტი დღეს დაინიცირდება და "სამივე მოსმენით სესიის ბოლომდე იქნება მიღებული".

***

რუსული კანონპროექტი ქართულმა ოცნებამ თავდაპირველად 2023 წლის თებერვალში დაააინიცირა, რასაც მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა.

პროტესტის შედეგად ქართულმა ოცნებამ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონპროექტის გაწვევის შესახებ 9 მარტს განაცხადა, 10 მარტს კი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო.

კანონპროექტის საწინააღმდეგო პროტესტი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. აქციები იყო ქუთაისში, ბათუმში და სხვა ქალაქებშიც.

თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს.

რამდენიმესაათიანი მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო.

პოლიციელები მუშაობაში ხელს უშლიდნენ მედიის წარმომადგენლებს და ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებიც დაფიქსირდა. 9 მარტს შსს-მ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი, 133 ადამიანი გაათავისუფლა.

რუსული კანონი "ჯაშუშების" გამოსავლენად - რას უქადის პროექტი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

კანონპროექტის გაწვევის შემდეგ მმართველ პარტიაში ირწმუნებოდნენ, რომ რუსულ კანონს აღარ დააინიცირებდნენ.