
პროკურატურა TV იმედის თანამშრომლის შაკო ნათენაძის გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულს, დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ, ბრალდება დაუმძიმა.
POG-ის თანახმად, 3 მაისს, ღამის საათებში, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული ფიზიკური დაპირისპირების დროს, ბრალდებულის მიერ მიყენებული დარტყმის შედეგად დაზარალებული დავარდა და ბორდიურს დაარტყა თავი.
პროკურატურამ მას ბრალდება დაუმძიმა სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).
პროკურატურის განცხადება:
"საქართველოს პროკურატურამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულს, დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ, ბრალდება დაუმძიმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 3 მაისს, ღამის საათებში, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული ფიზიკური დაპირისპირების დროს, ბრალდებულის მიერ მიყენებული დარტყმის შედეგად დაზარალებული დავარდა და ბორდიურს დაარტყა თავი. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად, 10 მაისს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 მაისს დააკავეს. თავდაპირველად დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ დაკავებულს წარდგენილი ბრალდება დაუმძიმდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - ვკითხულობთ განცხადებაში.