პროკურატურამ ბრალი წარუდგინა კაცს, რომელიც 27 ივნისს კასპში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულმა შვილი დაარწმუნა, რომ მოზარდი ეცემა, დაპირისპირების დროს კი გასაშველებლად მისულ ადამიანებს კონფლიქტის განეიტრალების საშუალებას არ აძლევდა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 26 ივნისს, კასპის მუნიციპალიტეტში, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი კონფლიქტით განაწყენებულმა ბრალდებულმა, მისი არასრულწლოვანი შვილი დაარწმუნა, რომ დაზარალებული ეცემა, ხოლო არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს, ბრალდებული შვილს მითითებებს აძლევდა და გასაშველებლად მისულ პირებს კონფლიქტის განეიტრალების საშუალებას არ აძლევდა. სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი 27 ივნისს დააკავეს.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, გორის რაიონულ სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება"- ნათქვამია განცხადებაში.