საერთაშორისო საგამოძიებო მედიაორგანიზაცია OCCRP ბიძინა ივანიშვილის ცოლის, ეკატერინე ხვედელიძის მიერ ქონების გადაფორმების დოკუმენტს ასაჯაროებს.
როგორც ორგანიზაცია განმარტავს, აღნიშნული დოკუმენტი რუსეთის ხელისუფლების მიერ არის გაცემული და ადასტურებს, რომ რუსეთში არსებული მიწის ნაკვეთი ეკატერინე ხვედელიძეს ამ წლის დასაწყისში ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა - უჩა მამაცაშვილმა გადაუფორმა.
9 აგვისტოს, OCCRP-მ რამდენიმე ქართულ და რუსულ მედია პარტნიორთან ერთად განაცხადა, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე რუსეთში ქონებებს ფლობს.
აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ,,ქართულმა ოცნებამ”, რომლის საპატიო თავმჯდომარის პოსტსაც ბიძინა ივანიშვილი იკავებს, გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც აღნიშნულ ინფორმაციას “ყალბი” უწოდა.
OCCRP-ში აღნიშნავენ, რომ პროსახელისუფლებო ტელევიზიებმა და მედია ორგანიზაციებმა, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე განაცხადეს, რომ საგამოძიებო სტატიაში მოყვანილი ფაქტები არასწორი იყო და გააკრიტიკეს OCCRP და მისი ადგილობრივი პარტნიორები. OCCRP არ არის ქართული ორგანიზაცია და არავითარი პოლიტიკური აფილაცია არ აქვს არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან, არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ.
"მილიარდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ქონება 1990 -იან წლებში რუსეთში დააგროვა, 2011 წელს, ,,ქართული ოცნების” პარტიის დაფუძნების დროს, განაცხადა, რომ იგი უარს იტყოდა მის რუსულ პასპორტზე და გაყიდდა რუსეთში არსებულ მის ბიზნესებს. 2013 წელს, ივანიშვილმა,როგორც ქვეყნის პრემიერ მინისტრმა, შეავსო ქონებრივი დეკლარაცია, სადაც მითითებული იყო მისი ოჯახის ქონებები რუსეთშიც: სახლი მოსკოვის ერთ-ერთ უბანში და 3 მიწის ნაკვეთი პერედელკინოს მახლობლად, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ელიტური დასახლებაა მოსკოვის გარეუბანში (სახლს ფლობდა როგორც მისი მეუღლე - ეკატერინე ხვედელიძე ასევე მისი შვილი, უტა ივანიშვილი. მიწის მესაკუთრედ მხოლოდ მისი მეუღლე იყო მითითებული).
თუმცა, OCCRP-იმ გამოაქვეყნა ახლად გამოვლენილი ფაქტები ივანიშვილის ოჯახის ქონებებთან დაკავშირებით:
ივანიშვილის მეუღლემ, ეკატერინე ხვედელიძემ, თავისი უძრავი ქონებების სიას 2021 და 2024 წლებში ახალი ქონებები დაამატა. კერძოდ, დაირეგისტრირა 2 მიწის ნაკვეთი და კიდევ ერთი სახლი პერედელკინოს უბანში, – ოჯახის საკუთრებაში მანამდე არსებული უძრავი ქონების მახლობლად. მიწის ნაკვეთების და სახლის ჯამური ღირებულება დაახლოებით 14.7 მილიონი აშშ დოლარია.
რუსეთში რეგისტრირებული კომპანია Aqua Space LLC, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ივანიშვილის ოჯახთან, საპროცენტო სარგებელს იღებს მრავალ მილიონ დოლარიანი მოკლე-ვადიანი დეპოზიტების განთავსებით Sberbank - ში, რომელიც სანქცირებულია აშშ-ს მიერ რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
იგივე კომპანია, ასევე, მართავს ოჯახის მთავარ საცხოვრებელ სახლს მოსკოვში, იღებს საიჯარო ქირას მოიჯარეებისგან და ურიცხავს საიჯარო თანხის უდიდეს ნაწილს ივანიშვილის მეუღლეს.
2023 წელს, ახალი კანონით, რუსეთში უძრავი ქონების რეესტრის საჯარო ხელმისაწვდომობა გაუქმდა. თუმცა უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია ხშირად წარდგენილია სხვა სახელმწიფო უწყებებში ან კომერციულ სააგენტოებში.
OCCRP-მ უძრავი ქონების რეესტრიდან მოიპოვა ამ ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტები და გადაამოწმა მისი სისწორე სხვადასხვა წყაროებთან, რომლებსაც წვდომა აქვთ სამთავრობო მონაცემთა ბაზებზე.
წყაროს ანონიმურობის დაცვის მიზნით, ჩვენ ვერ შევძლებთ დამატებით რაიმე ინფორმაციის გამჟღავნებას, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ და რა გზებით მოვიპოვეთ ეს დოკუმენტები. თუმცა გვსურს, რომ გავასაჯაროოთ აღნიშნული დოკუმენტი, როგორც მტკიცებულება რომელიც ადასტურებს ჩვენს მიერ წარმოდგენილი ფაქტების სისწორეს. ეს არის რუსეთის ხელისუფლების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, რაც ადასტურებს, რომ ერთ-ერთი ზემოთ ხსენებული უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი) ეკატერინე ხვედელიძეს ამ წლის დასაწყისში გადაუფორმა ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილმა - უჩა მამაცაშვილმა", - ვკითხულობთ განცხადებაში.