საზოგადოებრივი ორგანიზაციები აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლეების: ლევან მურუსიძის, მიხეილ ჩინჩალაძის, ირაკლი შენგელიას, ვალერიან ცერცვაძის გადადგომას და მათ მიმართ გამოძიების დაწყებას ითხოვენ.
როგორც ორგანიზაციები აღნიშნავენ, ქართულმა ოცნებამ უნდა გააცნობიეროს, რომ "კლანის მხარდაჭერა სერიოზულად აზიანებს საქართველოს ურთიერთობას აშშ-სთან და საფრთხეს უქმნის ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივას".
"2023 წლის 5 აპრილს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს, მნიშვნელოვანი კორუფციული საქმიანობის გამო. საზოგადოებრივი ორგანიზაციები სასამართლო სისტემაში არსებული შესაძლო კორუფციული სქემების საკითხზე რეაგირებისკენ საქართველოს ხელისუფლებას მრავალი წელია მოუწოდებდნენ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამგვარ ეჭვებს კატეგორიულად უარყოფდა და კრიტიკას „დამოუკიდებელ სასამართლოზე“ თავდასხმად აფასებდა.
საქართველოში აშშ-ის საელჩომ განმარტა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილება საქართველოს სასამართლო სისტემაში კორუფციული საქმიანობის გამო პირთა მიმართ სანქციების დაწესების შესახებ, ეყრდნობა სანდო ინფორმაციას, რომელიც აკმაყოფილებს ამერიკული კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტს, რათა არ დაუშვან აღნიშნული პირების შესვლა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს - გარდა იმისა, რომ სასამართლო კლანის ხელში კონსოლიდირებული ძალაუფლება ზიანს აყენებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, კლანის მხარდაჭერა სერიოზულად აზიანებს ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან და საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივას, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო რეფორმა ევროკომისიის 12 რეკომენდაციას შორის ერთ-ერთი საკვანძო მნიშვნელობის საკითხია", - აღნიშნულია განცხადებაში.
ხელმომწერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ:
ხელმომწერი ორგანიზაციები:
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
სამოქალაქო იდეა
სასამართლოს გუშაგი
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი
დემოკრატიის ინდექსი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კორუფციისთვის სანქციები დაუწესა მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აღნიშნავს, რომ მათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესმა წევრებმა, ბოროტად გამოიყენეს საკუთარი თანამდებობები.
სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ აცხადებს, რომ ჰქონდათ სანდო ინფორმაცია, რის თანახმადაც, მოსამართლეები ბოროტად იყენებდნენ საჯარო თანამდებობას კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობით. მათი თქმით, ეს აზიანებდა სასამართლო და საჯარო პროცესს, მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ მათი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და ახდენდნენ მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირებას, პირადი სარგებლის მიღების მიზნით.
ამას გამოეხმაურა ერთ-ერთი სანქცირებული მოსამართლე, ლევან მურუსიძე და განაცხადა, რომ "არა უშავს". მისი თქმით, ამ ფაქტს "როგორმე გადაიტანს".
ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სასამართლო სისტემის პრობლემებზე მუდმივად საუბრობენ და მიუთითებენ, რომ არსებობს მოსამართლეთა ე.წ. კლანი, რომელთა წევრებად სწორედ აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს მოიაზრებენ. მათ არაერთხელ მოითხოვეს აღნიშნული მოსამართლეების პერსონალური სანქცირება.
ამ საკითხზე კომენტარი გაკეთებული აქვს ე.წ კლანის წევრს, ლევან მურუსიძესაც - მისი აზრით, ერთ-ერთი რიგითი მოსამართლეა, რომელიც საქმეებს იხილავს და პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს. რაც შეეხება სანქცირების შესახებ კითხვას, მურუსიძემ ამას თავის დროზე ლექსით უპასუხა.