რუსული კანონის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლა სტრასბურგში გაგრძელდება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის თქმით, დღეს რუსული კანონის მიერ გამოწვეულ მძიმე შედეგებს 16 მედიაორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოებისა და 4 ფიზიკური პირის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებენ.
"სამართლებრივი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ სტრასბურგში გრძელდება. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ დღეს, 17 ოქტომბერს რუსულ კანონს და მის მიერ გამოწვეულ მძიმე შედეგებს 16 მედიაორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის და 4 ფიზიკური პირის სახელით გავასაჩივრებთ. რუსული კანონი არამხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების და მედიის შეზღუდვას ისახავს მიზნად, არამედ ყველა მოქალაქის ერთმანეთისაგან გათიშვას და კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება. დამოუკიდებელ ორგანიზაციებთან რუსული მეთოდებით ბრძოლა არამხოლოდ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ლახავს, არამედ ძირს უთხრის ქართველი ხალხის ურყევ არჩევანს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საკუთარი მოვალეობის შეუსრულებლობის მიუხედავად, ჩვენი ბრძოლა რუსული კანონის წინააღმდეგ გრძელდება და ის აუცილებლად დასრულდება წარმატებით"- განაცხადა ქურდოვანიძემ.
9 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოცხადა, რომლის თანახმადაც, რუსული კანონის მოქმედება არ შეაჩერა, თუმცა სარჩელი წარმოებაში მიიღო.
მოსამართლეთა პლენუმმა გადაწყვეტილება სათათბიროდ გასვლიდან 1 თვის შემდეგ მიიღო.
საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის შესახებ 4 სარჩელი იყო შესული - პრეზიდენტის, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებისა და ოპოზიციის სარჩელები.