13 არასამტავრობო ორგანიზაცია ძალადობრივი ჯგუფების მიერ პრაიდფესტის ჩაშლასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.
როგორც NGO-ების განცხადებაშია ნათქვამი, "საგანგაშოა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს სიძულვილის ჯგუფების მიმართ შემწყნარებელ პოლიტიკას".
არასამთავრობოების თქმით, შსს "ნაცვლად კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებისა, უზრუნველყოს პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად, უფლებას აძლევს მათ, ხელი შეუშალონ სხვა ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, დაუბრკოლებლად გაავრცელონ ძალადობისკენ მოწოდებები, და განახორციელონ ამგვარი ქმედებები".
ფორმულა NGO-ების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ლგბტ+ თემის მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაცია თბილისი პრაიდმა 2 ივნისს განაცხადა, რომ უერთდებიან "ღირსებისა და სიამაყის თვეს“ და 1-8 ივლისს თბილისში პრაიდის კვირეული გაიმართებოდა, რომელიც დახურული ღონისძიებებისგან შედგებოდა. 8 ივლისს Lisi Wonderland-ში Tbilisi Pride Fest 2023 უნდა გამართულიყო.
8 ივლისამდე დღეებით ადრე Სიძულვილის ჯგუფები საჯაროდ ავრცელებდნენ სხვადასხვა განცხადებას, რომლებიც, თავისი შინაარსით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ცხადად შეცნობადს ხდიდა მათგან მომდინარე ძალადობის რეალურ რისკს. გარდა ამისა, ონლაინ გავრცელდა უამრავი ერთგვაროვანი ვიდეო, რომლებიც მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, გამოსულიყვნენ 8 ივლისს Tbilisi Pride Fest 2023-ის წინააღმდეგ. აღნიშნული კამპანიის სათავეში კი ის პირები იდგნენ, ვინც, მათ შორის, 2021 წლის 5 ივლისის მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები არიან და რომლებთან დაკავშირებითაც, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს, და, არც საქართველოს პროკურატურას არანაირი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს, მიუხედავად მათ წინააღმდეგ არსებული უამრავი მტკიცებულებისა.
7 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ 8 ივლისის ღონისძიებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ აღნიშნული დახურული ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მიზნით, პოლიციის შესაბამისი დანაყოფები მობილიზებულნი იქნებოდნენ ყველა საჭირო ლოკაციაზე და კომპეტენციის ფარგლებში დაიცავდნენ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას.
აღნიშნულის საპირისპიროდ, მიუხედავად იმისა, რომ შსს კარგად იყო ინფორმირებული, და იცოდა სიძულვილის ჯგუფების მიზანი, დაერბიათ, მათ შორის, ძალადობრივი მეთოდებით “თბილისი პრაიდის” ღონისძიება (იხ. Მაგალითად, ზურაბ მახარაძის გამოსვლა), ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეკრებილი კონტრაქციის წარმომადგენლები შეუფერხებლად გადაადგილდებოდნენ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე და მათ მანამდე არანაირი ჯეროვანი დაბრკოლება სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლების მიერ არ დახვედრიათ. Ხოლო, ლისის ტბის მიმდებარედ სიძულვილის ჯგუფებმა თავისუფლად შეძლეს პოლიციის კორდონის გარღვევა და გადაინაცვლეს ლისის მთავარი შესასვლელისკენ. კადრების ანალიზი აჩვენებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგია ძალადობრივი ჯგუფებისგან მომდინარე რისკებს ჯეროვან წინააღმდეგობას ვერ/არ უწევდა. დაახლოებით 14:55 საათისთვის პოლიციის კორდონი სრულად გარღვეული იყო. კადრებში, ასევე, ჩანს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტები. დაახლოებით 15:10 საათისთვის აქციის მონაწილეებმა სრულად დაიკავეს ფესტივალის ადგილი. Სიძულვილის ჯგუფების წევრები შეიჭრნენ კერძო საკუთრებაში, დაარბიეს ფესტივალის ტერიტორია, “პრაიდ ფესტივალისთვის” გამაგრებული სცენა და სასცენო მოწყობილობები დაამტვრიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს.
ნაცვლად იმისა, რომ სამართალდამცავები სოლიდარობას უცხადებდნენ ჩაგრულ ჯგუფებს და უზრუნველყოფდნენ მათი უფლებების დაცვის გარანტიებს, კადრებში ჩანს, ალტ-ინფოს ერთ-ერთი ლიდერი ზურა მახარაძე და ანტიდასავლური მოძრაობის ლიდერი ვატო შაქარიშვილი როგორ შეჰყავს პოლიციას იმ ტერიტორიაზე, სადაც ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო, იმის საჩვენებლად, რომ ფესტივალის ორგანიზატორებმა ნამდვილად დატოვეს ტერიტორია.
მიგვაჩნია, რომ დღეს განვითარებული მოვლენები გაგრძელებაა 2021 წლის 5 ივლისის, რომლის გამოძიებაშიც საერთოდ რეაგირების გარეშეა დატოვებული ძალადობის ორგანიზატორების და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხი, რომელსაც ევალებოდა 2021 წლის 5 ივლისს ჯეროვნად დაეცვა ადამიანები სიძულვილის ჯგუფებისგან. ასევე, ამ დრომდე უცნობია, დაწყებულია თუ არა გამოძიება ტვ პირველის ეთერში 2022 წლის 12 ივნისს გასული სიუჟეტის საფუძველზე სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების გამო. Სახელმწიფო ნაცვლად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით დაუბრკოლებელი სარგებლობისთვის გარანტიების შექმნისა, კვლავ ძალადობრივი ჯგუფების დომინირებას უწყობს ხელს.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები სოლიდარობას ვუცხადებთ ლგბტ+ თემის წევრებს და მოვუწოდებთ სახელმწიფო სტრუქტურებს, იხელმძღვანელონ საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად:
- ჰქონდეთ დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და ქმედებებზე, ძალადობაზე ადეკვატური რეაგირების და შემდგომი ძალადობრივი ქმედებების თავიდან ასაცილებლად გამოკვეთონ ძალადობის ორგანიზატორების პასუხისმგებლობა;
- დაიცვან ლგბტ+ ადამიანების უფლებები და უსაფრთხოება, მათ შორის, მათი უფლება სურვილის შემთხვევაში ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე მათთვის სასურველ ლოკაციაზე ჩაატარონ ღონისძიება;
- დაიცვან მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან, უზრუნველყონ მათი უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლების სათანადოდ რეალიზება, აგრეთვე, უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების მიმართ დანაშაულის დროული, ეფექტიანი გამოძიება და დამნაშავეების დასჯა", - ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
***
დღეს Tbilisi Pride-ის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური და აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მაშინ, როდესაც ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებებისა და ორგანიზატორებისთვის მიცემული "გარანტიების" მიუხედავად, ძალადობრივმა ჯგუფებმა ფესტივალი ჩაშალეს.
ისინი ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან 13:00 საათიდან დაიძრნენ და ფესტივალის ჩატარების ადგილამდე ისე მივიდნენ, რომ პოლიციამ მათი მობილიზება გზაშივე არ აღკვეთა - მხოლოდ მცირე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ძალადობრივი ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს. ამის შემდეგ, მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
Tbilisi Pride-მა ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ფესტივალის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს, იქ ძალადობრივი ჯგუფები რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ მობილიზებულები, ტერიტორია დაარბიეს და გაქურდეს.