12 არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც პოლიციის მხრიდან მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე ძალის გადამეტების ფაქტებსა და შესაბამისი უწყებების მხრიდან დარღვევებზე საუბრობს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულების უმეტესობაზე იძალადეს ფიზიკურად ან სიტყვიერად. ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას უმეტეს შემთხვევებში ანგარიშსწორების სახე აქვს და არ უკავშირდება სამართალდარღვევის აღკვეთას.
NGO-ების თქმით, რიგ შემთხვევებში აქციის მონაწილეებზე პოლიციელების მიერ განხორციელებული ძალადობა, თავისი ინტენსივობითა და სისასტიკის ხარისხით წამებას უტოლდება.
"პრობლემურია, იმ დაკავებულების შესახებ ინფორმაციის მოძიება, რომლებიც სამართალდამცველებს პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ, რადგან დროულად ვერ ხდება მათი ადგილსამყოფლის დადგენა ადვოკატისა და ოჯახის მხრიდან. რამდენიმე შემთხვევაში, დაზიანებების მქონე დაკავებულები სამედიცინო დაწესებულებებში სამართალდამცავი პირების მიერ მიყვანილ გადაუდებელ პაციენტებად არ დაარეგისტრირეს. ასეთ შემთხვევაში, მკურნალობის დასრულებისას დაკავებულებს თავად უწევთ მკურნალობის გარკვეული ხარჯების დაფარვა. ამასთან, ზოგიერთ საქმეში გამოიკვეთა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორების მხრიდან არ ხდება დაზიანებების დეტალური აღრიცხვა, რაც პრობლემურია მათ შორის, გამოძიების სათანადოდ წარმართვისთვის.
დაკავებული აქციის მონაწილეთა რაოდენობის, სხეულზე მიყენებული დაზიანებებისა და მათი მონათხრობის გათვალისწინებით, იკვეთება, რომ აქციის მონაწილეებზე ძალადობას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას სისტემური ხასიათი აქვს, რაც წახალისებულია გადაწყვეტილების მიმღები პირების მიერ. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ რიგ შემთხვევებში აქციის მონაწილეებზე პოლიციელების მიერ განხორციელებული ძალადობა, თავისი ინტენსივობითა და სისასტიკის ხარისხით წამებას უტოლდება"- ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია აქვს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სადაც დაწყებულია გამოძიება, თუმცა გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოება ინფორმირებული არ არის.
ორგანიზაციები მიუთითებენ იმაზეც, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების საწინააღმდეგოდ, მიმდინარე აქციებზე მობილიზებული არცერთი პოლიციელი არ ატარებს განმასხვავებელ ნიშანს.
"მათი უმეტესობა არის შენიღბული, რითაც მნიშვნელოვნად რთულდება დანაშაულთა ჩადენის შემთხვევაში მათი იდენტიფიცირება. საგანგაშოა, რომ ამ ადამიანის უფლებათა შეუსაბამო პრაქტიკასთან დაკავშირებით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ამ დრომდე არ გაუკეთებია მკაფიო განცხადება".
ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ შემაშფოთებელია საგამოძიებო სამსახურისა და პროკურატურის უმოქმედობა იმ პოლიციელების მიმართ, რომელთა ვინაობა იდენტიფიცირებადია და მათი მხრიდან დანაშაულის ჩადენას არაერთი პირდაპირი მტკიცებულება ადასტურებს.
"მსგავს ფაქტებზე დაგვიანებული რეაგირება მაშინ, როდესაც იმთავითვე ნათელია სისხლისსამართლებრივი დევნისათვის საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტი, სამართალდამცავებში ახალისებს მსგავსი დანაშაულების ჩადენას"
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს:
● უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ადამიანის უფლებების დაცვასთან შეუთავსებელ და ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე;
● არ შეუშალოს ხელი მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვაში.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს:
● უზრუნველყოს სამართალდამცავების მხრიდან სავარაუდო თვითნებური დაკავებების, არაპროპორციული ძალის გამოყენების, დაკავებულთა მიმართ ფიზიკური ძალადობის სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება სათანადო კვალიფიკაციით;
● მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების დაწყების, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და გამოძიების შედეგების შესახებ;
● დროულად მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი იმ პირებს, რომლებსაც აპრილი-მაისის პერიოდში საპროტესტო აქციებზე გამოყენებული საპოლიციო მოქმედებების შედეგად მიადგათ ზიანი.
საქართველოს პროკურატურას:
● განახორციელოს საკუთარი ექსკლუზიური უფლებამოსილება და სათანადო კვალიფიკაციით დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ პოლიციელთა მიმართ, რომელთა მიერ დანაშაულის ჩადენაც არაერთი მტკიცებულებით არის დადასტურებული.
არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელი აგრძელებს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებულ პირების უფლებების დაცვას.
სამართლებრივი დახმარების ქსელის წევრი ორგანიზაციები:
15 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთიან ცხელ ხაზზე შევიდა შეტყობინება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე დაკავებული 189 პირის შესახებ.
30-მდე მშვიდობიან დემონსტრანტს აჯარიმებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე (ქალაქში ან სხვა დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვა ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული), 150-ე, 150 (1), 150 (2) (სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება და მუნიციპალიტეტის იერსახის დამახინჯება) და 174 (1)-ე (შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევა) მუხლების საფუძველზე.
პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, 7 პირის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება.