NGO-ები: რამდენიმე საათი ადვოკატს არ ეძლეოდა დაკავებულ არასრულწლოვანთან შეხვედრის საშუალება

NGO-ები: რამდენიმე საათი ადვოკატს არ ეძლეოდა დაკავებულ არასრულწლოვანთან შეხვედრის საშუალება

არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, გუშინ დაკავებულ არასრულწლოვანთან ადვოკატს რამდენიმე საათის განმავლობაში შეხვედრის საშუალებას არ აძლევდნენ.

საიას თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის თქმით, უფლებადამცველს დაკავებულთან კომუნიკაციის საშუალება მხოლოდ მაშინ მიეცა, როდესაც არასრულწლოვანი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

"დაკავებულთა შორის იყო არასრულწლოვანიც, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში ისე იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში, რომ ადვოკატს არ ეძლეოდა მასთან შეხვედრის შესაძლებლობა. ადვოკატს არ მიეცა არასრულწლოვან დაკავებულთან კომუნიკაციის საშუალება გარკვეული დროის განმავლობაში და მხოლოდ მას შემდეგ გახდა ეს შესაძლებელი, როდესაც ის ხელწერილით გამოუშვეს"- თქვა ქურდოვანიძემ.

2 თებერვალს აქციაზე პოლიციამ 31 ადამიანი დააკავა.

გუშინ მოქალაქეებმა აქცია აღმაშენებლის ხეივანზე გამართეს. ისინი გზის გადაკეტვას ცდილბდნენ. პოლიცია მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებდა და მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.