Massive Attack: შოუს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებებზე თავდასხმის გამო ვაუქმებთ

Massive Attack: შოუს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებებზე თავდასხმის გამო ვაუქმებთ

ჯგუფ Massive Attack-ის თქმით, შოუს მთავრობის მიერ ადამიანის უფლებებზე თავდასხმის გამო აუქმებენ.

მათი თქმით, ამ მომენტში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არენაზე გამოსვლა, შესაძლოა, მშვიდობიანი პროტესტისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობრივი ჩახშობის მოწონებად ჩაითვალოს.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, გავაუქმოთ ჩვენი შოუ საქართველოში 28 ივლისს, პროტესტის ნიშნად საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის ძირითად უფლებებზე თავდასხმის გამო. ამ მომენტში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ Black Sea Arena-ზე გამოსვლა შეიძლება ჩაითვალოს მშვიდობიანი პროტესტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობრივი ჩახშობის მოწონებად.

ცემა, დაპატიმრება, მუქარა და ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების, აქტივისტებისა და ოპონენტების მიმართ, კანონებთან ერთად, რომლებიც აზიანებს სამოქალაქო საზოგადოებას და უარყოფს ლგბტი ადამიანების უფლებებს, ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოში მშვიდობიან მომიტინგეებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სახელმწიფო ძალადობას და ვგრძნობთ, რომ მათი ხმა უნდა მოისმინონ და მათი ბრძოლა იყოს საერთაშორისო ყურადღების ცენტრში. ჩვენ დავბრუნდებით და თქვენთან ერთად დავუკრავთ თავისუფლების პირობებში. #დაიცავიპროტესტი", - წერია განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ Black Sea Arena-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Massive Attack-მა კონცერტი გააუქმა. მათ მიზეზი არ დაუსახელებიათ.

რამდენიმე კვირის წინ ბენდს მოქალაქეებმა მიმართეს, სადაც საუბარი იყო რუსულ კანონზე, ოფშორების კანონზე, ოლიგარქიაზე და ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიებზე და Massive Attack-ს მოუწოდებდნენ, გაცნობოდნენ საქართველოში არსებულ მდგომარეობას.

მიმართვის შემდეგ, ბენდმა X-ზე რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა. "სოლიდარობა სტუდენტებს - თბილისიდან აშშ-ის კამპუსებამდე, რომლებიც სასტიკ სახელმწიფო რეპრესიებს ეწინააღმდეგებიან", - წერდა Massive Attack.