ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის ე.წ. "დიდი" ზამთრის შეტევა ჩაიშალა.
სამხედრო ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსულმა, უკრაინულმა და დასავლურმა წყაროებმა 1 აპრილს განაცხადეს, რომ რუსული ჯარების ზამთრის შეტევამ კრემლის მიერ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია - დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ ტერიტორიების დაკავებას 31 მარტამდე.
ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ რუსი სამხედრო ბლოგერები შეშფოთებული არიან იმით, რომ რუსულმა ჯარებმა უნდა დაასრულონ შეტევითი ოპერაციები ბახმუტსა და ავდეევკაში, რათა უკრაინული კონტრშეტევისთვის მოემზადონ, რომელსაც ისინი 16 აპრილიდან 9 მაისამდე ელიან. სამხედრო ბლოგერებმა ხაზი გაუსვეს მათ იმედგაცრუებას იმის გამო, რომ ზამთრის პერიოდში გადამწყვეტი ბრძოლები არ ყოფილა და აღნიშნეს, რომ რუსეთი ვერ გააგრძელებს ფართომასშტაბიან შეტევით ოპერაციას, თუ ის მომდევნო კვირებში ვერ შეძლებს ბახმუტსა და ავდეევკაში კონტროლის დამყარებას.
"რუსეთს არ ექნება საბრძოლო ძალა, რომელიც საჭიროა დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებში ერთზე მეტი ძირითადი შეტევითი ოპერაციის განსახორციელებლად. რუსეთსა და ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე გაწვევის კამპანიები, შესაძლოა, მიუთითებდეს, რომ რუსეთი რეზერვების დეფიციტისთვის ემზადება.
მზარდი სპეკულაციები რუსეთის სამხედრო სარდლობაში ცვლილებების შესახებ, სავარაუდოდ, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა, შესაძლოა, მალე შეცვალოს რუსეთის უმაღლესი სარდლობა ზამთრის წარუმატებელი შეტევითი ოპერაციის გამო", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.