ISW: ოცნება კრემლის სასურველი არჩევანია - ბრალდებების გამოუძიებლობა დააშორებს დასავლეთისგან

ISW: ოცნება კრემლის სასურველი არჩევანია - ბრალდებების გამოუძიებლობა დააშორებს დასავლეთისგან

ომის კვლევის ინსტიტუტი [ISW] საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ვრცელ მასალას აქვეყნებს და ამბობს, რომ საქართველოში არასტაბილურობის ატმოსფერო, სავარაუდოდ, ძირს გამოუთხრის ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ამავდროულად გაზრდის რუსეთის გავლენას ქვეყანაში.

ISW ასევე შესაძლო მასშტაბურ პროტესტებზე წერს და ამ კონტექსტში შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის 23 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებას იხსენებს, რომელიც რამდენიმე წყლის ჭავლის მანქანის შესყიდვას ეხება.

როგორც ISW-ი წერს, ქართული ოცნების რიტორიკა არჩევნების შედეგების ირგვლივ, მიანიშნებს იმაზე, რომ მმართველი პარტია დიდი ალბათობით პროტესტებს ჩაახშობს და დასავლეთთან მის უკუსვლას გააორმაგებს.

"ევროკავშირის ლიდერებს ადრეც არაერთხელ გამოუთქვამთ შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო, განსაკუთრებით ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, და ახლა აღნიშნეს, რომ საქართველომ უნდა ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები - სხვა მოთხოვნების გარდა - რათა წარმატებით განაახლოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალი გზა. ევროკავშირის ოფიციალური პირები ასევე მიანიშნებდნენ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობაზე. დასავლეთის ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე გაყინა საქართველოსთვის დაფინანსება და თანამშრომლობა მისი დემოკრატიული უკუსვლის გამო და ასევე იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს არჩევნების ფალსიფიკაციის შესახებ განცხადებების გამოძიებას - ეს კიდევ უფრო მეტად დააზიანებს ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

საქართველოში არასტაბილურობის ატმოსფერო, სავარაუდოდ, ძირს გამოუთხრის ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ამავდროულად გაზრდის რუსეთის გავლენას საქართველოში და მთელ სამხრეთ კავკასიაში. ქართული საზოგადოება დიდწილად ევროკავშირსა და NATO-ში საქართველოს წევრობის ერთგული რჩება...

საარჩევნო დარღვევების შესახებ ბრალდებების სათანადოდ გამოუძიებლობა, სავარაუდოდ, დააშორებს საქართველოს დასავლეთისგან, დასავლეთის ქვეყნებისა და ოფიციალური პირების არაერთგზის გაფრთხილებების გათვალისწინებით. სავარაუდოდ, ფართომასშტაბიანი ოპოზიციური საპროტესტო მოძრაობა არჩევნების შედეგების წინააღმდეგ გამოავლენს ქართველი ხალხის მუდმივ მზადყოფნას დაიცვას თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებები, თუმცა ქართული ოცნების რიტორიკა არჩევნების შედეგების ირგვლივ, მიანიშნებს იმაზე, რომ მმართველი პარტია დიდი ალბათობით პროტესტებს ჩაახშობს და დასავლეთთან მის უკუსვლას გააორმაგებს.

ქართულ ოცნებას ადრეც აქვს გამოყენებული ძალა მომიტინგეების წინააღმდეგ, განსაკუთრებით 2024 წლის მაისში მიღებული უცხოელი აგენტების კანონის წინააღმდეგ გამოსვლების დროს, მათ შორის წყლის ჭავლით, დაშინებით და პოლიციის რეპრესიების გზით. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული პრობლემების არაღიარება და მოუგვარებლობა, სავარაუდოდ, გამოიწვევს უფრო დიდ პროტესტს, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება ქართული ოცნების შემდგომი რეპრესიებს გაუხსნას კარი - როგორც ოპოზიციის ისე სამოქალაქო საზოგადოების მიმართ. მოვლენების ასეთი განვითარება არა მხოლოდ დააშორებს საქართველოს მის დასავლელ პარტნიორებს მუდმივი ანტიდასავლური რიტორიკის, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ რეპრესიების და დემოკრატიული უკუსვლის გამო, არამედ, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს კრემლის ძალისხმევას გააძლიეროს რუსეთის გავლენები საქართველოში, სამხრეთ კავკასიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში.

რუსული მედია ფართოდ ზეიმობდა ქართული ოცნების გამარჯვებას, რაც აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ეს პარტია კრემლის სასურველი არჩევანი იყო. ISW-მ ცოტა ხნის წინ წერდა, რომ კრემლი, სავარაუდოდ, გამოიყენებს ქართული ოცნების გამარჯვებას და პარტიის პრორუსულ რიტორიკას, როგორც შესაძლებლობას გააძლიეროს თავისი როლი საქართველოში, იმის ფონზე, რომ რეგიონში მისი გავლენა შემცირებულია", - წერს ომის კვლევის ინსტიტუტი.