კროკუს სითი ჰოლში მომხდარი ტერაქტის შემდეგ ისლამური სახელმწიფო აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც, მათი მტკიცებით, თავდასხმის მონაწილეები არიან ასახული.
ფოტო დაჯგუფებასთან დაახლოებულ სააგენტო Amaq-ზე გავრცელდა. აღსანიშნავია, რომ ფოტოზე მყოფ პირების სახეები ნიღბებით აქვთ დამალული, ხოლო ტანსაცმელი იმ ტანსაცმლის მსგავსია, რომელიც რუსეთში დაკავებულ თავდამსხმელებს ეცვათ.
გარდა ამისა, ტერორისტული დაჯგუფების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ "თავდასხმა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე სასტიკია". მათი თქმით, ტერაქტი "ქრისტიანებით ხალხმრავალ ადგილზე" დაიგეგმა.
***
გუშინ, მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, სადაც ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტი უნდა გამართულიყო, უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 133 ადამიანი.
უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა ვლადიმირ პუტინს აცნობა, რომ 11 ადამიანი დააკავეს, მათგან ოთხივე უშუალო მონაწილეა.
რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს. მედვედევის თქმით, თუ თავდასხმაში უკრაინელები არიან დამნაშავე, მათ რუსეთი "სათანადოდ გაუმკლავდება".
რაც შეეხება უკრაინის პოზიციას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უკრაინის თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს. უკრაინის დაზვერვა კი აცხადებს, რომ მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეცსამსახურების მიზანმიმართული პროვოკაციაა.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, უკრაინის თავდასხმაში მონაწილეობაზე "არაფერი მიუთითებს".
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. მათ საკუთარი განცხადების რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენიათ.