ISFED-მა ბსუ-ს რექტორის არჩევნების შედეგების გაბათილების მოთხოვნით სარჩელი წარადგინა

ISFED-მა ბსუ-ს რექტორის არჩევნების შედეგების გაბათილების მოთხოვნით სარჩელი წარადგინა

ორგანიზაცია სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED) ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ასარჩევი კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი წარადგინა. ორგანიზაცია არჩილ გუჩმანიძის ინტერესებს იცავს.

ISFED-ის ცნობით, რექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამართული არჩევნები არსებითი დარღვევებით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების უგულებელყოფით ჩატარდა.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ შეისწავლა ბსუ-ის რექტორის არჩევის პროცესი და არსებითი პრობლემები გამოავლინა. გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობას იღებდა ბსუ-ის აკადემიური საბჭოს წევრი, პაატა აროშიძე, რომელიც ამჟამად უკვე მოქმედი რექტორის ტიტე აროშიძის ძმაა. პაატა აროშიძეს საკუთარი ძმის არჩევნებში მონაწილეობის დროს აცილება არ გაუკეთებია. ბსუ-ის განცხადებით, უნივერსიტეტის დებულების თანახმად, აკადემიური საბჭოს წევრს აცილების ვალდებულება არ გააჩნია. თუმცა, მოქმედი კანონმდებლობით, ადმინისტრაციულ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს ის თანამდებობის პირი, რომელიც საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია.

ბსუ-ის რექტორის ასარჩევად გამართულ კონკურსში, ასევე, დაირღვა კანონითა და უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპები. ხმის დათვლის პროცესში დამსწრე პირებს, მედიის წარმომადგენლებს, კანდიდატებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს იმ მიზეზით დაატოვებინეს დარბაზი, რომ ხმის დათვლის პროცედურა ფარულად ჩატარებულიყო.

საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის თანახმად, აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია. უნივერსიტეტი არ უნდა განიცდიდეს სოციალური, პოლიტიკური თუ რელიგიური ჯგუფებისა თუ პარტიების გავლენას. სახელმწიფოს ჩარევა უნივერსიტეტის ფუნქციონირებაში, სასწავლო-კვლევით და ადმინისტრაციულ საქმიანობაში დაუშვებელი უნდა იყოს, რადგან მის კომპეტენციას სცილდება სწავლების, სწავლისა და კვლევის პრინციპების განსაზღვრა. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, უნივერსიტეტებში პროცესები წარიმართოს გავლენებისგან თავისუფლად და სამართლიანად.

არჩილ გუჩმანიძემ ბსუ-ის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრა, სადაც მის ინტერესებს „სამართლიანი არჩევნები“ დაიცავს. წარდგენილი სარჩელით მოთხოვნილია ბსუ-ის რექტორის შესარჩევი კონკურსის შედეგების ბათილად ცნობა და ხელახალი არჩევნების დანიშვნა.