ISFED: 23 საარჩევნო უბანზე იმაზე მეტი კაცი ამომრჩეველი მივიდა, ვიდრე რეგისტრირებული იყო

ISFED: 23 საარჩევნო უბანზე იმაზე მეტი კაცი ამომრჩეველი მივიდა, ვიდრე რეგისტრირებული იყო

სამართლიანი არჩევნების (ISFED) აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ ახალ დარღვევებზე ისაუბრა და ყურადღება ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ გენდერულ ნაწილზე გაამახვილა.

ნინო დოლიძის თქმით, ცესკოსგან გამოთხოვილი ინფორმაციის პირველადმა ანალიზმა გამოკვეთა, რომ საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ქალი და კაცია ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას და შეიცავს პრაქტიკულად გამორიცხულ, არაბუნებრივ მახასიათებლებს.

ის აღნიშნავს, რომ მოწოდებული ინფორმაციით, ზოგიერთ უბანზე კაცების აქტივობა 100%-ზე მაღალია, ვიდრე ისინი სიაში იყვნენ რეგისტრირებული, რაც მოცემულ საარჩევნო უბნებზე მომხდარ მანიპულაციებზე მიუთითებს. ის მიუთითებს, რომ 23 საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლების რაოდენობა აღემატება სიაში რეგისტრირებულ კაც ამომრჩეველს.

"26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობას როდესაც შევხედეთ, გამოვავლინეთ საყურადღებო ტენდენცია გენდერულ ნაწილთან დაკავშირებით, კონკრეტულად, კაცებისა და ქალების მონაწილეობასთან დაკავშირებით, რომლებიც საკმაოდ საყურადღებო ტენდენციას ავლენდა და სწორედ აქედან გამომდინარე, მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და გამოვითხოვეთ ინფორმაცია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ ქალებისა და კაცების მიხედვით.

მოწოდებული ინფორმაციის პირველადმა ანალიზმა გამოკვეთა, რომ საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას და შეიცავს პრაქტიკულად გამორიცხულ ან არაბუნებრივ მახასიათებლებს. მაგალითად, 62 საარჩევნო უბანზე, სადაც რეგისტრირებული სიიდან კაცი ამომრჩევლის აქტივობა 80-100%-მდე იყო, ქალების აქტივობა ამ შემთხვევაში იყო მაგალითად 57% და გარდა ამისა, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე გამოიკვეთა ფაქტები, როცა ამომრჩევლის აქტივობა თეორიულად გამორიცხულ მაჩვენებელსაც უტოლდება - მაგალითად, მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, 100%-ზე მაღალია ზოგიერთ უბანზე კაცების აქტივობა, ვიდრე ისინი სიაში იყვნენ რეგისტრირებული, ანუ, რომ დავაზუსტოთ, სიაში რეგისტრირებულ კაცთა 100%-ზე მეტის მონაწილეობა დაფიქსირდა არჩევნებში, რაც ვალიდურობის შემთხვევაში, მოცემულ საარჩევნო უბნებზე მომხდარ მანიპულაციებზე მიუთითებს.

სამართლიანი არჩევნების ცესკოს მიერ მოწოდებული მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ 275 საარჩევნო უბანზე ერთიანი სიიდან კაცი და ქალი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა 20 პროცენტულ პუნქტზე მაღალია, მათ შორის, 243 საარჩევნო უბანზე ეს გადახრა კაცი ამომრჩევლის მეტობითაა, ხოლო 32 საარჩევნო უბანზე ქალის. 275-დან 67 საარჩევნო უბანზე ეს განსხვავება კაცების შემთხვევაში 30%-ზე მეტი პროცენტული სხვაობაა, ხოლო 12 საარჩევნო უბანზე, 30%-ზე ქალების შემთხვევაში. გვაქვს 23 საარჩევნო უბანი, სადაც კაცი ამომრჩევლების რაოდენობა - მოსული ადამიანების რაოდენობა აღემატება ამომრჩეველთა სიაში რეგისტრირებულ კაც ამომრჩეველს", - თქვა ნინო დოლიძემ ბრიფინგზე.