IDFI-ის ინფორმაციით, საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს - რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაშია 37 400-მდე კომპანია.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიების რაოდენობის ზრდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების და საქართველოში რუსი მიგრანტების შემოსვლის შემდეგ დაიწყო.
IDFI-ში ამბობენ, რომ რუსული მსხვილი კომპანიები ქართულ ეკონომიკაში ხშირ შემთხვევაში ოფშორული ან შუამავალი კომპანიების მეშვეობით ხვდება, რაც ართულებს იმის დაზუსტებას თუ კონკრეტულად ვინ დგას ამა თუ იმ კომპანიის უკან. ამასთან, არის შემთხვევები, როდესაც საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის, ან მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირების მფლობელობაში არსებული კომპანიები სტატისტიკის სამსახურის ოფიციალურ მონაცემებში აღრიცხული არ არის, - რაც ასევე იწვევს უზუსტობას იმასთან დაკავშირებით, თუ რა რაოდენობის რუსული კომპანია ოპერირებს საქართველოში და როგორია მათი საქმიანობის სფერო. რუსული მსხვილი კომპანიები გვხვდება ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკაში, ტელეკომუნიკაციებში, მრეწველობაში, სათამაშო ბიზნესში, და ა.შ.
"სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლის 1-ლი ივნისის მდგომარეობით, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაშია 37,400 -მდე კომპანია (მათ შორის, 494 საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე), საიდანაც 30,000-ზე მეტი კომპანია 2022 წლის შემდგომ არის დარეგისტრირებული. რეგისტრირებული კომპანიებიდან აქტიური სტატუსი 20,885-ს აქვს. საქართველოში ჯამში აქტიური სტატუსის მქონე კომპანიების რაოდენობა 257 245-ია, გამოდის რომ მათგან 8.1% რუსეთთან არის დაკავშირებული.
რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების მონაცემთა ბაზა, ასევე ნაწილობრივ ფარავს საქართველო/რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიერ დაფუძნებულ კომპანიებს. კერძოდ, ამ კომპანიებიდან ჯამში 494 საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირების მიერ არის დაფუძნებული, აქტიური სტატუსის მქონე კომპანიებიდან კი 100. მათ შორის, მაგალითად გვხვდება შპს “ქართული ოცნება”, რომლის საქმიანობაა ხმის ჩაწერის და მუსიკალური ჩანაწერების საგამომცემლო საქმიანობები. კომპანიის 100%-ს ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ფლობს და საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერით, რომელიც 2018 წლით თარიღდება, ბერა ივანიშვილი საქართველო-რუსეთის ორმაგ მოქალაქედ არის რეგისტრირებული.
ორმაგი მოქალაქეების თანამონაწილეობით დაფუძნებული კომპანიების შესახებ ინფორმაცია, მონაცემთა ბაზაში სრულყოფილად არ არის წარმოდგენილი. მაგალითად, მსხვილ კომპანიებს შორისაა უკრაინის მთავრობის მიერ სანქცირებული - საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ვახტანგ კარიჭაშვილის კომპანია შპს „კ და ქართული სპირტი“. თუმცა, სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით მის მფლობელობაში სხვა არაერთი კომპანიაა, რომელიც არ არის ასახული ბაზაში. მაგალითად, ის არის საქართველოს ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჯგუფის Bolero & Company-ის დამფუძნებელი, ასევე, შპს GVMT Group-ის 100%-ის და შპს „ალიანსი და კომპანია”-ს 50%-ის მფლობელი.
ვახტანგ კარიჭაშვილთან დაკავშირებული კომპანიების მენეჯმენტში აქტიურად გვხდებიან „ქართული ოცნების“ დამფინანსებლები. მიკვლეული კომპანიების მენეჯმენტს მმართველი პარტიისთვის ჯამურად 556 000 ლარი აქვთ შეწირული. ამასთან, კომპანიის შვილობილი საწარმოები მილიონობით ლარს იღებენ სახელმწიფოსგან გამარტივებული შესყიდვების სახით - შესყიდვები ძირითადად რთვლის სუბსიდირების ფარგლებში ხდება. ჯამში კომპანიასთან დაკავშირებულ მიკვლეულ შპს-ებს 30 მლნ-ის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა უფიქსირდებათ.
კარიჭაშვილი უკრაინამ სანქცირებულ პირთა სიაში 2023 წელს შეიყვანა. სანქცირება მისსა და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნეს კავშირების მოტივით მოხდა. უჩა მამაცაშვილი უკრაინაში ასევე სანქცირებულთა სიაშია, ვახტანგ კარიჭაშვილი კი მასთან ერთად (50%-50%) ფლობს შპს “მელიქიშვილი ინნს”. კომპანია თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე 10-სართულიან სასტუმროს აშენებს. კარიჭაშვილი უჩა მამაცაშვილთან ერთად ფლობს ბრიტანეთში დაფუძნებულ კომპანიას – GWP Wines and spirits limited-საც.
ორმაგი მოქალაქეების გარდა, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიების 6%-ის (2,041 კომპანია) თანადამფუძნებელი არის საქართველოს მოქალაქე. მაგალითად, შპს ზუგდიდის საგზაო სამმართველოს 51%-ს ფლობს რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე ივანოვი, 25% -ს საქართველოს მოქალაქე სოსო საჯაია, ხოლო 24%-ს საქართველოს-რუსეთის ორმაგი მოქალაქე ზურაბ ჭანტურია.
რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებულ 34,857 კომპანიის შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს მოქალაქეებთან კავშირი (მფლობელი არ არის ორმაგი მოქალაქე ან თანადამფუძნებელი საქართველოს მოქალაქე). კვლევის ფარგლებში დამატებით გადამოწმდა რამდენად დიდია აღნიშნულ კომპანიების დამფუძნებელ რუსეთის მოქალაქეებში ეთნიკურად ქართველების წილი. IDFI-ს შეფასებით ამ კომპანიებიდან მხოლოდ 4%-ის ( 1,209 კომპანია) დამფუძნებელი რუსეთის მოქალაქის გვარი არის ქართული წარმომავლობის.
რეგისტრირებული აქტიური სტატუსის კომპანიების 89% მცირე ზომისაა, საშუალო და მსხვილი კომპანიების რაოდენობა ჯამში მხოლოდ 0.5%-ია, ხოლო 10.6%-ის შემთხვევაში ეკონომიკური ზომა ჯერ-ჯერობით უცნობია. კომპანიების 93% ინდივიდუალური მეწარმეების მიერ არის დაფუძნებული.
საქართველოში რეგისტრირებული მსხვილი ზომის რუსული კავშირის მქონე კომპანიები სხვადასხვა სფეროებში არიან წარმოდგენილი. მაგალითად, ფინანსურ სექტორს მიეკუთვნება VTB ბანკი, რომლის პორტფელიც უკრაინაში ომის დაწყებისთანავე, მოსალოდნელი სანქციებისგან მომხმარებლების დაცვის მიზნით, სხვა ბანკებზე გასხვისდა.
შპს ჯეთთიქლაუდი IT სფეროში საქმიანობს. კომპანიის 100%-ის მფლობელი რუსეთის მოქალაქე დავიდ სლონიმსკია, რომელმაც საქართველოში კომპანია უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ კვირაში - 2022 წლის 10 მარტს დაარეგისტრირა. კომპანიის წლიურმა მოგებამ 2022 წელს 14.6 მლნ ლარი შეადგინა.
ქართულ ენერგობაზარზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა სს გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო. კომპანია ფლობს და აკონტროლებს ელექტროგადამცემ ხაზებს, მათ შორის, იმ ხაზებს, რომლითაც საქართველო ელექტროენერგიას რუსეთიდან იღებს/ან ატარებს. სააქციო საზოგადოება „საქრუსენერგოს“ 50% საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნის, 50% კი რუსულ კომპანიას - Federal Grid Company of United Energy System.
საქართველოში სხვადასხვა საკვები პროდუქტების იმპორტს და დისტრიბუციას ეწევა შპს კადევე საქართველო, რომლის 100%-ის მფლობელი რუსეთში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება კადევეა. კომპანიის ანგარიშის მიხედვით, ის პროდუქციას აწვდის 7500-ზე მეტ მაღაზიას, რომელთაგან ყველაზე მსხვილი სავაჭრო ქსელებია - „ნიკორა“; „კარფური“; „დეილი“. შპს „კადევე საქართველო“ მომხმარებლებს ამარაგებს 700-მდე დასახელების საკვები პროდუქტით, რომელთა 100%-ის მომწოდებელი არის რუსული სათავო კომპანია სს „კადევე“ .
მსხვილ კომპანიებს შორის გვხვდება შპს ვივამედი, რომლის 100%-ის მფლობელი რუსეთის მოქალაქე ალი თანრივერდიევია, კომპანია 2010 წელს დაფუძნდა და ქვეყნის მასშტაბით სამედიცინო ცენტრებს და საავადმყოფოებს ფლობს - ვივამედს სახელმწიფოსგან გამარტივებული შესყიდვის გზით 25.5 მლნ ლარზე მეტი აქვს მიღებული. აქედან ყველაზე მსხვილი შესყიდვები სპეციალური პენიტენციური სამსახურისგან ფიქსირდება, რადგან უწყებას პატიმრები სამკურნალოდ ძირითადად სწორედ “ვივამედში” გადაჰყავს. ყველაზე მასშტაბური შესყიდვები ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელდა - უწყებამ ვივამედს სხვადასხვა მომსახურებებში 2022 წლიდან, 2024 წლის ივნისის ჩათვლით, 8 მლნ ლარი გადაუხადა. ალი თანრივერდიევი "ვივამედის" 100%-ის მფლობელი 2022 წელს გახდა. თანრივერდიევი სამედიცინო ცენტრის 50%-იანი მეწილე 2012 წლიდან იყო.
3 მსხვილი კომპანია აზარტული თამაშების საქმიანობით არის დაკავებული: შპს მარლო (კომპანიის 18%-ს რუსეთის მოქალაქე სამირ მუდუგოვი ფლობს). კომპანია მართავს კაზინო „ბლექ ოპალს“; შპს ქართული კაპიტალ ჯუფი (კომპანიის 40%-ს რუსეთის მოქალაქეები ფლობენ: 13%-ს ეკატერინა ოგოროდნიკოვა ფლობს, 13%-ს ასევე რუსეთის მოქალაქე ოლეგ ანდრეევი, 14%-ს კი ალექსანდ დოროგოვი) კომპანია მართავს კაზინო შანგრილას; შპს როიალ გემბლინგი (კომპანიის 100%-ს რუსეთის მოქალაქე ომარ ალიევი ფლობს, რომელიც ასევე ფლობს კომპანია შპს 8 მაქს გრუპის 47%-ს, რომელიც ასევე აზარტული თამაშების საქმიანობით არის დაკავებული.) კომპანიის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით მისმა წლიურმა მოგებამ 2.8 მლნ ლარი შეადგინა.
რუსეთის მოქალაქეების მიერ რეგისტრირებული კომპანიებისა და ინდ. მეწარმეების რეგისტრაცია საქართველოში უმეტესად ფიქტიური მისამართის მითითებით ხდება. საქართველოში გვხვდება ათობით იურიდიული მისამართი სადაც ერთდროულად ასობით შპს და ინდივიდუალური მეწარმეა რეგისტრირებული. არის შემთხვევები, როდესაც ერთ იურიდიულ მისამართზე 1500-მდე პირია რეგისტრირებული. აღნიშნული მისამართების უმეტესობაზე შენობა-ნაგებობაც კი არ დგას, ტერიტორიების უმეტესობა დაუსახლებელი მიწებია, რომლის კანონიერი მფლობელები ძირითადად საქართველოს მოქალაქეები არიან. ფონიჭალის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთი იურიდიული მისამართის ზუსტი დასახელება (სადაც 1467 ინდ. მეწარმეა რეგისტრირებული), საცხოვრებელ კორპუსის "გაუქმებული ნაგვის ბუნკერია" - ამავე მისამართზე ასობით ინდ. მეწარმე 2.7 კვ.მ. ტერიტორიაზეა რეგისტრირებული", - წერია კვლევაში.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში რუსეთთან გაზრდილი საგარეო ვაჭრობა და რუსული კომპანიების შემოდინება განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების ზრდას, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი რისკის მატარებელია. ტრადიციულად რუსეთი ეკონომიკურ დამოკიდებულებას პოლიტიკურ იარაღად იყენებს. ამას მოწმობს რუსეთთან ეკონომიკური კავშირების ისტორიაც და დაწესებული ემბარგოებიც.