ადამიანის უფლებათა სახლის (Human Rights House Foundation) ხელმომწერი წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, ხელახლა დააინიციროს რუსული კანონი, რომელიც მათი თქმით, "სიტყვასიტყვით იმეორებს 2023 წლის მარტში პროტესტის შედეგად გაწვეული კანონპროექტის ტექსტს".
ხელმომწერი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კანონპროექტის ხელახლა წარდგენა ეწინააღმდეგება საქართველოს ნაკისრ ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებებს და საფრთხეს ქმნის, რომ შეზღუდავს ამ ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ქმედით და ლეგიტიმურ საქმიანობას.
ორგანიზაციები მოუწოდებენ ქართულ ოცნებას, შეასრულოს პოლიტიკური და სამართლებრივი ვალდებულებები და უარი თქვას კანონმდებლობაზე, რომელიც მათი თქმით, პირდაპირ არის გადმოღებული რუსეთის ავტორიტარული ტაქტიკებიდან.
ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსული კანონი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ ღირებულებებზე თავდასხმის უფრო ფართო გეგმის ნაწილია და მაგალითად მოყვანილია 2024 წლის 4 აპრილს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით პოლიტიკური პარტიების სიებში ქალთა სავალდებულო გენდერული კვოტების გაუქმებადა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავს, აიკრძალოს ლგბტქი+ ჯგუფთან და მათ ინტერესებთან დაკავშირებული გამოხატვა და პროტესტი.
ორგანიზაციები ამავე განცხადებაში საუბრობენ ბოსნია ჰერცეგოვინაზეც, რომელიც ეროვნულ ასამბლეაში მსგავსი კანონის მეორე მოსმენით განხილვას გეგმავს და აღნიშნავენ, რომ კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, რომლის მხარეც არის როგორც საქართველო, ასევე ბოსნია ჰერცეგოვინა.
"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის უცხოეთის აგენტების კანონმდებლობა ვერ აკმაყოფილებს განჭვრეტადობისა და განსაზღვრულობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, ვერც კანონის ხარისხიანობის ტესტს, რაც არღვევს გაერთიანების თავისუფლებას.
ვენეციის კომისიამ და ეუთომ/ოდირმა სერბსკას რესპუბლიკის კანონი გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებების შემლახავად მიიჩნია. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ხაზი გაუსვა [ბოსნია და ჰერცეგოვინაში სამოქალაქო საზოგადოებისთვის] ისედაც შემზღუდავ გარემოს“ და კანონის პროექტი თავისუფლებებით სარგებლობისთვის საზიანოდ შეაფასა.
გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა უფლებადამცველთა მდგომარეობის საკითხებზე 2023 წლის ნოემბერში მისი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის შემდგომ ხაზი გაუსვა ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ „ადგილობრივი მტრის“ ნარატივს, და შეშფოთებით აღნიშნა უცხოელი აგენტების კანონმდებლობის შესახებ გავრცელებული დისკურსით უკვე დამდგარი ზიანის შესახებ. მან მოუწოდა ხელისუფლებას, ეზრუნათ უფლებადამცველების გაუარესებული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
უფლებადამცველთა შესახებ გაეროს დეკლარაცია სახელმწიფოთაგან მოითხოვს, შექმნან სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემო, არ შეუზღუდონ დაფინანსება და არ მოახდინონ დელეგიტიმაცია დაფინანსების გეოგრაფიული წარმოშობის საფუძველზე. ყველას აქვს უფლება, ინდივიდუალურად თუ სხვებთან ერთად, მოითხოვოს და მიიღოს დაფინანსება ადამიანის უფლებების ხელშეწყობისა და დაცვისთვის, მათ შორის უცხოური წყაროებიდან.
და ბოლოს, წარმოდგენილი კანონმდებლობა არ შეესაბამება ევროკავშირის ძირითად უფლებათა ქარტიას. მართლმსაჯულების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთში მსგავსი კანონმდებლობა არღვევდა, მათ შორის, ქარტიით დაცულ გაერთიანების თავისუფლებას, რაც აქტუალურია როგორც საქართველოსთვის, ასევე ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის, როგორც ევროპის კავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში.
ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტსა და სერბსკას რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეას, პატივი სცენ თავიანთი სახელმწიფოების მიერ ევროპის საბჭოსა და გაეროს ინსტიტუციებში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, დაიცვან თავისუფალი და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოებისთვის ფუძემდებლური ძირითადი თავისუფლებები, და უარი თქვან კანონპროექტებზე, რომლებსაც შეუძლიათ სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის შეუქცევადად დაზიანება.
ხელმომწერები: