GDI: ანდრო ჭიჭინაძე პოლიტიკური პატიმარია, ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს

GDI: ანდრო ჭიჭინაძე პოლიტიკური პატიმარია, ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს

საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ (GDI) საპროტესტო აქციების გამო ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის საქმე შეისწავლა და მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკური პატიმარია და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

ორგანიზაცია საქმის ანალიზისას "პოლიტიკური პატიმრის დეფინიციის შესახებ" ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის N1900 რეზოლუციის კრიტერიუმებს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც თუ საქმე რეზოლუციის ხუთი კრიტერიუმიდან ერთ-ერთს მაინც აკმაყოფილებს პირი პოლიტიკურ პატიმრად ითვლება.

"წარმოგიდგენთ ჩვენს შეფასებას ანდრო ჭიჭინაძის საქმეზე, 29 წლის მსახიობის, რომელიც რეჟიმმა 2024 წლის 05 დეკემბერს დააკავა და ორგანიზებულ ძალადობრივ ჯგუფში მონაწილეობას ედავება. ანდრო, სხვა პატიმრებთან ერთად, წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და სასჯელის სახით 4-6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ანდროს საქმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მისი პატიმრობა ევროპის საბჭოს ზემოთ ნახსენები რეზოლუციის მინიმუმ ორ კრიტერიუმს ერთდროულად აკმაყოფილებს. კერძოდ, ანდროს პატიმრობა უკავშირდება მმართველი პარტიის პოლიტიკურ მოტივებს, ამასთანავე, ის დაპატიმრებულია ქმედებისთვის, რასაც კავშირი არ აქვს დანაშაულთან და მისი წინასწარი პატიმრობა არის აშკარად უსამართლო სამართალწარმოების შედეგი.

ანდრო ჭიჭინაძე პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს!", — წერს ორგანიზაცია.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიხედვით, პირი პოლიტპატიმრად ითვლება, თუ:

  1. პატიმრობა შეეფარდა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და მის ოქმებში მითითებული ერთ-ერთი ფუნდამენტური გარანტიის, კერძოდ, რწმენის, აღმსარებლობისა და რელიგიის თავისუფლების, ინფორმაციისა და გამოხატვის თავისუფლების, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების დარღვევით;
  2. პატიმრობა შეეფარდა წმინდა პოლიტიკური მიზნების გამო, რომელსაც არ აქვს კავშირი რაიმე სამართალდარღვევასთან;
  3. პოლიტიკური მოტივების გამო, პატიმრობის ხანგრძლივობა ან პირობები აშკარად არაპროპორციულია იმ სამართალდარღვევასთან, რომლის ჩადენაშიც იგი დამნაშავედ იქნა ცნობილი ან ეჭვმიტანილია;
  4. პოლიტიკური მოტივების გამო, იგი დაპატიმრებულია დისკრიმინაციულად სხვა პირებთან შედარებით;
  5. პატიმრობა არის იმ სამართალწარმოების შედეგი, რომელიც აშკარად უსამართლო იყო და ჩანს, რომ უკავშირდება სახელისუფლებო ორგანოების პოლიტიკურ მოტივებს.

ანდრო ჭიჭინაძე პროევროპულ აქციებზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 5 დეკემბერს დააკავეს და აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს. იანვარში სასამართლომ ჭიჭინაძის და კიდევ 10 დაკავებულის საქმე ერთ წარმოებად გააერთიანა და 11-ვე მათგანისთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.