
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ესაუბრა. მათ შორის საუბარი დიდი შვიდეულის შეხვედრის ფარგლებში შედგა.
დღეს, 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 3-წლისთავზე დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერებმა შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა, რადგან ლიდერთა ნაწილი ვიზიტით კიევში იმყოფება.
შეხვედრის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკიმ X-ზე დაწერა:
"პროდუქტიული შეხვედრა, მნიშვნელოვანი პრინციპული სიტყვები პარტნიორთა უმეტესობისგან. ძალიან გვაქვს მსოფლიოს ერთიანობის იმედი - ევროპის, ამერიკის, ყველა მსოფლიო ნაწილის და ერის, რომელიც ისწრაფვის, რომ იცხოვროს მშვიდობიანად, პროგნოზირებადი წესების საფუძველზე საერთაშორისო სამართლის ფარგლებში", - დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
შეხვედრას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც:
"დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი შემომიერთდა ოვალურ კაბინეტში G7-ის სამიტზე სასაუბროდ. შეხვედრა მოიწვია კანადის გუბერნატორმა ჯასტინ ტრუდომ, G7-ის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, რუსეთ-უკრაინის ომის მესამე წლისთავის აღსანიშნავად - რომელიც მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი არასოდეს დაიწყებოდა. ყველამ გამოხატა თავისი მიზანი ომის დასასრულის შესახებ და მე ხაზგასმით აღვნიშნე შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მნიშვნელოვანი "კრიტიკული მინერალებისა და წიაღისეულის შეთანხმების" მნიშვნელობა, რომელიც ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე გაფორმდება!
ეს გარიგება, რომელიც არის "ეკონომიკური პარტნიორობა", უზრუნველყოფს, რომ ამერიკელმა ხალხმა დაიბრუნოს უკრაინაში გაგზავნილი ათობით მილიარდი დოლარი და სამხედრო აღჭურვილობა, ამავდროულად დაეხმარება უკრაინის ეკონომიკას ზრდაში ამ სასტიკი და ველური ომის დასრულებაში. ამავდროულად, სერიოზულ დისკუსიებს ვაწარმოებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ომის დასრულებასთან დაკავშირებით და ასევე გარიგებებზე ეკონომიკური განვითარების შესახებ, რომლებიც დაიდება შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიდის!", - დაწერა დონალდ ტრამპმა.