საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House ქართულ ოცნებას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს.
"ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოში უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ხელახალი შემოღებით, თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსგავსი კანონი საზოგადოების ფართომასშტაბიანი ზეწოლის შედეგად ჩავარდა.
უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო რუსეთისა და ყირგიზეთის მსგავსად, ავტოკრატიული ქვეყანა გახდება, რომელიც სისტემურად მუშაობს სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაზე. ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიაზე ორიენტირებული ევროპული ინტეგრაციისგან.
ჩვენ მოვუწოდებთ პარტია ქართულ ოცნებას, დაუყოვნებლივ გაიწვიოს შემოთავაზებული კანონი", - ნათქვამია განცხადებაში.
დაპირების მიუხედავად, ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით".
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.