
Freedom House 2024 წელს მსოფლიო მასშტაბით ჩატარებულ არჩევნებზე ვრცელ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზეც არის საუბარი.
Freedom House-ის მონაცემებით, საქართველო აღარ არის ელექტორალური დემოკრატია.
ელექტორალური დემოკრატია გულისხმობს, რომ არჩევნები არის თავისუფალი და სამართლიანი, უზრუნველყოფილია ხმის უფლება, გამოხატვის თავისუფლება, ანგარიშის თანახმად კი, საქართველო ამ სტანდარტებს აღარ აკმაყოფილებს.
აღსანიშნავია, რომ V-Dem Institute-ის 2023 წლის ანგარიშში საქართველო ელექტორალურ დემოკრატიად იყო მოხსენებული. რაც შეეხება ამავე ინსტიტუტის 2024 წლის სხვადასხვა ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის ამსახველ ანგარიშს, აქ საქართველოს "საარჩევნო ავტოკრატიად" მოიხსენიებენ.
Freedom House-ის ანგარიშში ერთ-ერთ მთავარ თემად გამოყოფილია საარჩევნო პროცესის დროს ძალადობა და აღნიშნულია, რომ მსოფლიო მასშტაბით 66 ქვეყნიდან, სადაც არჩევნები ჩატარდა, 27 ქვეყანაში ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმა საარჩევნო კანდიდატებზე თავდასხმა იყო.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საარჩევნო შედეგების შემდგომი პროტესტის დროს ძალადობას ადგილი ჰქონდა 11 ქვეყანაში. აქ საქართველო მოზამბიკთან ერთად არის ნახსენები და აღნიშნულია, რომ ქვეყანაში "უსაფრთხოების ძალებმა მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს".