გამოცემა Financial Times წერს, რომ უკრაინის ფინანსური დახმარების დაბლოკვის გამო, ევროკავშირმა, შესაძლოა, უნგრეთს ხმის უფლება ჩამოართვას.
ევროკავშირის სამიტის წინ, კომისიამ მხარი დაუჭირა უნგრეთისთვის გაყინული 10 მილიარდი ევროს გაცემას, თუმცა ქვეყნის პრემიერი, ვიქტორ ორბანი და მისი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ მათი პოზიცია უკრაინისთვის დახმარების დაბლოკვის შესახებ არ უკავშირდებოდა ევროკავშირის დაფინანსების საკითხს.
სამიტის დასრულების შემდეგ, ორბანმა ინტერვიუში განაცხადა, რომ უნგრეთისთვის დანარჩენი 20 მილიარდი ევროს გაცემასაც მოითხოვს.
Financial Times-თან ანონიმმა ევროპელმა დიპლომატმა თქვა, რომ ბრიუსელი უნგრეთის დარწმუნებას ეცდება, მაგრამ თუ შედეგს ვერ მიაღწია, სხვა გზებს მიმართავენ და უკრაინა დახმარებას მაინც მიიღებს.
14 დეკემბერს, ორბანმა ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილ 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტს ვეტო დაადო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
ევროკავშირის სახელმწიფოების 26 ლიდერი შეთანხმდა, რომ უკრაინის დახმარების საკითხზე დებატები 2024 წლის დასაწყისში განახლდებოდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო კიევისთვის "სასიცოცხლო" ფინანსების მიწოდება.
ამასთან, ორბანმა დაამატა, რომ, მათ შორის, უნგრეთი აპირებს დაუბრუნდეს აღნიშნულ საკითხს 2024 წელს, "სათანადო მომზადების შემდეგ".