FactCheck: 29 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე პერიოდში სპეცრაზმის საკვებზე 516 185 ლარი დაიხარჯა

FactCheck: 29 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე პერიოდში სპეცრაზმის საკვებზე 516 185 ლარი დაიხარჯა

ქართული ოცნების მხრიდან თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების დასაშლელად საპოლიციო ძალების არაერთხელ გამოყენების ფონზე, FactCheck წერს, ამ დღეების განმავლობაში რა დაუჯდა სახელმწიფოს სპეცრაზმის კვება.

FactCheck-ის თანახმად, 29 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე პერიოდში სპეცდანიშნულების რაზმის საკვებზე ბიუჯეტიდან 516 185 ლარი დაიხარჯა.

FactCheck წერს, რომ შსს-მ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებში მონაწილე მომსახურეების კვებით უზრუნველყოფისთვის ტენდერი ზაფხულში, ივლისში გამოაცხადა და შპს სთარ ფუდთან ხელშეკრულება 16 ივლისს გააფორმა, რომლის ღირებულება 200 000 ლარი იყო.

ამ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანიას შს სამინისტროსთვის 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შემსყიდველის მოთხოვნიდან 12 საათის განმავლობაში ერთჯერადად არანაკლებ 5 000 ლანჩის ნაკრების დამზადება უნდა შესძლებოდა. ჯამში, 26 ოქტომბრიდან 29 ნოემბრამდე, კომპანიამ სამინისტროს 199 385 ლარის ღირებულების 22 530 ლანჩის ნაკრები მიაწოდა და აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხაც ამოიწურა.

ფაქტ-ჩეკი წერს, რომ სტარ ფუდი სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრის მიხედვით, 2024 წლის 11 ივნისს დარეგისტრირდა, შსს-თან ხელშეკრულება კი დარეგისტრირებიდან ერთ თვეში, 2024 წლის 16 ივლისს გააფორმა. კომპანიის დირექტორი და 100%-იანი წილის მფლობელი თამარ სულაძეა, მასზე რაიმე ტიპის ინფორმაცია ღია წყაროების საშუალებით ფაქტობრივად არაფერი იძებნება (გარდა იმისა, რომ მას 2020 წელს ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირისგან მიღებული აქვს ანაზღაურება).

FactCheck წერს, რომ შსს-მ იმავე მიზნით ახალი ტენდერი ( NAT240023534) 28 ნოემბერს გამოაცხადა, წინადადებების მიღება 11 დეკემბერს მთავრდება. ტენდერის ღირებულება 300 000 ლარია.

როგორც FactCheck აღნიშნავს, რადგან გამოცხადებული ტენდერი ჯერ დასრულებული არ არის, მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცდანიშნულების რაზმის საკვებით უზრუნველსაყოფად, 1 დეკემბრიდან - 5 დეკემბრის ჩათვლით, გამარტივებული შესყიდვით 32 000 ლანჩის ნაკრები შეისყიდა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 316 800 ლარი შეადგინა.

შესაბამისად, 26 ოქტომბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური დანიშნულების რაზმის გამოსაკვებად ჯამში 516 185 ლარის 54 530 ლანჩის ნაკრები შეისყიდა.

ლანჩის ნაკრებში 1 ცალი სენდვიჩი (პური - არანაკლებ 100 გრ. ყველი -არანაკლებ 50 გრ. ლორი - არანაკლებ 70 გრ., 1 ცალი შოკოლადი (50-55 გრ) და 1 ცალი პეპსი (0.5 ლ) შედის. თითოეული ლანჩის ნაკრების ღირებულება 8.35-8.85 ლარს შეადგენს.

FactCheck ასევე წერს, რომ აპრილ-მაისამდე, სანამ ქართული ოცნება რუსულ კანონს ხელმეორედ დააინიცირებდა და საპროტესტო აქციები დაიწყებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თადარიგი წინასწარ დაიჭირა და სპეცრაზმელების საკვებით უზრუნველყოფისთვი ტენდერი 21 მარტს გამოაცხადა.

ტენდერს ერთადერთი მონაწილე შპს ევროპული საცხობი ჰყავდა. ხელშეკრულების ღირებულებამ 150 000 ლარი შეადგინა. იმ პერიოდში, აღნიშნული ტენდერის ფარგლებში, სულ 16 650 ლანჩის კომპლექტი იქნა შეძენილი. შპს ევროპული საცხობის დირექტორი ალექსანდრე ნორაკიძეა, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი შპს დეგუსტო ინტერნეიშენალია.

FactCheck-ის თანახმად, 2024 წლის 15 აპრილს კომპანია ევროპული საცხობის ხელშეკრულების პრეისკურანტის მიხედვით, ლანჩის შემადგენლობაში გაზიან სასმელად კოკა-კოლა იყო მითითებული, ხელშეკრულებაში ცვლილება 19 აპრილსვე შევიდა და კოკა-კოლა პეპსით ჩანაცვლდა. მენიუდან ასევე ამოღებული იქნა ბოსტნეული.

აპრილ-მაისის პერიოდში, შსს-მ სპეცრაზმელებისთვის ლანჩის ნაკრები გამარტივებული შესყიდვითაც შეიძინა, სულ 515 244 ლარის. ჯამში, აპრილ-მაისში სპეცრაზმელების კვებაზე 665 244 ლარი დაიხარჯა.

FactCheck წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2019 წლიდან დღემდე პერიოდში გამარტივებული წესით გაფორმებული არცერთი ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების პორტალზე არ იძებნება, შესაბამისად, უცნობია, პირდაპირი შესყიდვის შემთხვევაში, სამინისტრო ლანჩის ნაკრებებს რომელი კომპანიისგან ყიდულობს.