
Financial Time-ის ინფორმაციით, უკრაინამ და აშშ-მა იშვიათ წიაღისეულზე შეთანხმებას მიაღწიეს. გამოცემა წერს, რომ კიევი მზადაა, ხელი მოაწეროს შეთანხმებას შეერთებულ შტატებთან ერთად უკრაინის მინერალური რესურსების, მათ შორის ნავთობისა და გაზის ერთობლივ მოპოვებაზე.
FT-ის თანახმად, უკრაინის ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გაუმჯობესებას.
გამოცემას უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანჩინამ უთხრა, რომ შეთანხმების ახალი ვარიანტი შედარებით უფრო სასარგებლოა უკრაინისთვის და აღნიშნა, რომ "იშვიათ წიაღისეულზე შეთანხმება - ეს მხოლოდ სურათის ნაწილია. ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ აშშ-ის ადმინისტრაციისგან, რომ ეს საერთო სურათის ნაწილია".
Financial Time-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტიდან, რომელიც 2025 წლის 24 თებერვლითაა დათარიღებული, ირკვევა, რომ შეიქმნება ფონდი, რომელშიც უკრაინა სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული მინერალური რესურსებიდან მიღებული მოგების 50%-ს ჩარიცხავს. საუბარია ასევე ნავთობსა და გაზზე.
"მასში არ შედის მინერალური რესურსები, რომელსაც უკრაინის მთავრობა უკვე მოიხმარს, მათ შორის, უკრაინის უმსხვილეს ბუნებრივი აირისა და ნავთობის მწარმოებლების, ნაფტოგაზისა და უკრნაფტიდან მიღებული შემოსავალი", - ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან, FT წერს, რომ შეთანხმებაში არ არის საუბარი შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების გარანტიებზე, რასაც კიევი მოითხოვდა.
თავდაპირველი დოკუმენტით დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ითხოვდა საინვესტიციო ფონდის შექმნას, რომელშიც აშშ ფინანსური ინტერესების 100%-ს შეინარჩუნებდა, უკრაინა კი ფონდში მინერალური რესურსების მოპოვებით მიღებული შემოსავლის 50%-ს შეიტანდა - ეს პირობები დოკუმენტის ახალ ვარიანტში აღარ არის.
დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში ნათქვამია, რომ აშშ მხარს დაუჭერს უკრაინის ეკონომიკურ განვითარებას სამომავლოდ.
24 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში შესაძლოა მიმდინარე ან მომდევნო კვირას ჩავიდეს.
დონალდ ტრამპის თქმით, ის შეხვდება ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელიც ვაშინგტონში ჩავა, რათა ხელი მოაწეროს შეთანხმებას უკრაინის იშვიათ წიაღისეულზე.