ევროკავშირი მომავალ კვირას უკრაინას მაკროფინანსური დახმარების სახით 4.5 მილიარდ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისარმა საბიუჯეტო საკითხებში, იოჰანეს ჰანმა განაცხადა.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და ამით ვახორციელებთ ინვესტიციას ჩვენს უსაფრთხოებაში", - წერს ევროკომისარი სოციალურ ქსელში.
27 თებერვალს, ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა. მაკროფინანსური დახმარების პაკეტი ევროპარლამენტმა ხმათა უმრავლესობით - 536 ხმით დაამტკიცა. წინააღმდეგი 40 ევროპარლამენტარი იყო, 39-მა კი თავი შეიკავა.
1 თებერვალს, ევროკავშირის ლიდერებმა უნგრეთის წინააღმდეგობა დაძლიეს და უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების მაკროფინანსური დახმარების გამოყოფაზე კონსენსუსს მიაღწიეს.