ევროკავშირის სამიტის წინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა. უცნობია შეხვედრის ზუსტი დეტალები, თუმცა საკითხი, სავარაუდოდ, ეხებოდა უნგრეთის პოზიციას უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების დაბლოკვასთან დაკავშირებით.
"ხვალ და ზეგ იქნება კომპლექსური შეხვედრა, ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მომენტი ევროპისთვის. დღე და ღამე ვმუშაობთ, რომ იყოს პოზიტიური გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ხვალინდელი დღის წესრიგი უკიდურესად მნიშვნელოვანია მომავლისთვის. ეს არის ევროკავშირის პროექტი, მინდა კავშირი იყოს ერთიანი და გამოხატოს ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ", - განაცხადა შარლ მიშელმა შეხვედრის დაწყების წინ.
ბოლო ცნობებით, ორბანს საკუთარი პოზიცია არ შეუცვლია. ის ისევ იმეორებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყებას მხარს არ დაუჭერს. უნგრეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ვიქტორ ორბანი კვლავ ამტკიცებდა, რომ უკრაინის დაჩქარებული წესით მიღება ევროკავშირში არც უნგრეთის და არც ევროკავშირის ინტერესებს არ ემსახურება.
უცხოურ მედიას უნგრეთის პრემიერმინისტრის მრჩეველმა უთხრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისია უნგრეთისთვის გამოყოფილ და გაყინულ, ჯამში 30 მილიარდის ღირებულების აქტივებს განბლოკავს, შესაძლოა უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყება უნგრეთმა არ დაბლოკოს.
5 დეკემბერს რადიო თავისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვიქტორ ორბანმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს კიდევ ერთი წერილით მიმართა.
14-15 დეკემბერს დაგეგმილი ევროკავშირის ლიდერთა სამიტის წინ ორბანმა მიშელს მიწერა, რომ ევროპული საბჭოს შეხვედრაზე, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების მოლოდინი "უსაფუძვლოა - პოლიტიკური და ტექნიკური მომზადების დღეს არსებული დონის გათვალისწინებით".
8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. 15 დეკემბერს სამიტზე გახდება ცნობილი მიენიჭება თუ არა საქართველოს ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი.