ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ჰომოფობიური, ძალადობრივი ჯგუფების მიერ პრაიდფესტის ჩაშლას ეხმაურება.
EU-ის წარმომადგენლობის თქმით, იმედგამაცრუებელია, რომ "უსაფრთხოებისა და შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფა ვერ მოხდა".
"ევროკავშირის დელეგაცია წუხს თბილისი პრაიდის ფესტივალის გაუქმების გამო. იმედგამაცრუებელია იმის დანახვა, რომ უსაფრთხოებისა და შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფა ვერ მოხდა. ისინი, ვინც ძალადობისკენ მოუწოდებდნენ და სჩადიოდნენ ძალადობას, უნდა გასამართლდნენ." - წერია განცხადებაში.
დღეს Tbilisi Pride-ის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება უნდა გამართულიყო. ჰომოფობიური და აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ფესტივალის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, მაშინ, როდესაც ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებებისა და ორგანიზატორებისთვის მიცემული "გარანტიების" მიუხედავად, ძალადობრივმა ჯგუფებმა ფესტივალი ჩაშალეს.
ისინი ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან 13:00 საათიდან დაიძრნენ და ფესტივალის ჩატარების ადგილამდე ისე მივიდნენ, რომ პოლიციამ მათი მობილიზება გზაშივე არ აღკვეთა - მხოლოდ მცირე დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ძალადობრივი ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს. ამის შემდეგ, მათ პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ტერიტორიაზე შეიჭრნენ.
Tbilisi Pride-მა ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. ფესტივალის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს, იქ ძალადობრივი ჯგუფები რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ მობილიზებულები, ტერიტორია დაარბიეს და გაქურდეს.