EP-ის რეზოლუცია: დაწესდეს სანქციები ქართული ოცნების ლიდერებსა და რეჟიმის ხელშემწყობ პირებზე

EP-ის რეზოლუცია: დაწესდეს სანქციები ქართული ოცნების ლიდერებსა და რეჟიმის ხელშემწყობ პირებზე

ევროპარლამენტმა დღეს საქართველოსთან დაკავშირებით მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მკაცრად არის გაკრიტიკებული ქართული ოცნების ანტიდასავლური რიტორიკა და ნაბიჯები.

მრავალ საკითხთან ერთად რეზოლუციით ევროპარლამენტი მოითხოვს პირდაპირი სანქციების დაწესებას ივანიშვილის ხელისუფლების ლიდერების და ზოგადად, იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და მთავრობის კრიტიკოსების დევნაზე.

ევროპარლამენტი ევროკავშირს ასევე მოუწოდებს, აღნიშნული სანქციები გავრცელდეს საშუალო და დაბალი დონის საჯარო მოხელეებზე, "რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რეჟიმის ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიული ზომების განხორციელებაზე."

მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირი სანქციების გარდა, EP ასევე მოუწოდებს ევროკავშირს განიხილოს ისეთი შემზღუდავი ზომები, როგორებიცაა SWIFT-ის შეწყვეტა და სექტორული სანქციები, რაც მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ რეჟიმის ფინანსური ნაკადებისა და შემოსავლის წყაროების შეწყვეტას."

"მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, ორმხრივად და კოორდინირებულად დააწესონ პერსონალური სანქციები „ქართული ოცნების“ ძირითადი პოლიტიკური ლიდერების, თანამდებობის პირებისა და რეჟიმის ხელშემწყობი პირების მიმართ ადმინისტრაციაში, ბიზნესში, მედიაში, სასამართლო სისტემაში, სამართალდამცავ ორგანოებსა და საარჩევნო კომისიაში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიული უკუქცევის, არჩევნების გაყალბების, ადამიანის უფლებების დარღვევებისა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე; ასევე მოუწოდებს, სანქციები გავრცელდეს საშუალო და დაბალი დონის საჯარო მოხელეებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რეჟიმის ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიული ზომების განხორციელებაზე და შენარჩუნდეს ისინი მანამ, სანამ ქართული დემოკრატია სათანადოდ არ აღდგება; მიესალმება ლიეტუვის, ესტონეთის, ლატვიის, ჩეხეთის, გერმანიისა და პოლონეთის, ასევე მსგავსი შეხედულებების მქონე პარტნიორების, მათ შორის, შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, კანადისა და უკრაინის მიერ ორმხრივი სანქციების დაწესებას და მოუწოდებს ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებს, მიჰყვნენ ამ მაგალითს; მოუწოდებს განიხილონ შემდგომი შემზღუდავი ზომები, როგორიცაა SWIFT-ის შეწყვეტა ან სექტორული სანქციები, რომლებიც მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ რეჟიმის ფინანსური ნაკადებისა და შემოსავლის წყაროების შეწყვეტას", - წერია რეზოლუციაში.