დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) ცნობით, თელავის სახელმწიფო თეატრმა პრორუსულ, ჰომოფობიურ და ძალადობრივ ალტ-ინფოს შეხვედრისთვის თეატრის შენობა დაუთმო.
მათი ცნობით, შეხვედრა 1-ელ ოქტომბერს გაიმართა. თეატრს სახელმწიფო აფინანსებს და მისი ხელმძღვანელი პაატა გულიაშვილია.
"თეატრის ხელმძღვანელი პაატა გულიაშვილი მოცემულ პოსტს 2012 წლიდან იკავებს. მას 2019 წლიდან დღემდე სახელმწიფოსგან გამარტივებული შესყიდვებით 77 309 ლარი აქვს მიღებული. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პაატა გულიაშვილი ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებში იღებდა მონაწილეობას", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
ორგანიზაციის ინფორმაციით, თელავში ჩატარებულ შეხვედრაზე ღიად პრორუსული ძალის წარმომადგენლებმა "ანტიმაიდნის" მნიშვნელობაზე და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს. შოთა მარტინენკომ დაადასტურა, რომ პრორუსული დაჯგუფება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება.