ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) კატეგორიულად გმობს ქართული ოცნების მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და რუსული სტილის "უცხოური აგენტების" კანონის მიღებას, რომელიც მათი თქმით, მიმართული იქნება მედიასაშუალებებისა და პრესის თავისუფლების ჯგუფების მიმართ.
"მმართველი პარტიის - ქართული ოცნების გადაწყვეტილება, დანერგოს კრემლის მიერ შთაგონებული "უცხოური აგენტების" კანონი, მიუხედავად საქართველოს პრეზიდენტის, ათიათასობით მომიტინგისა და საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნის წინააღმდეგობისა, ცხადყოფს, რომ პარტიას სურს უზრუნველყოს თავისი გამარჯვება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, კრიტიკული ხმების კანონით ჩახშობის გზით. [...]
საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაიწვიოს ეს კანონი, რომელიც აბსოლუტურად შეუთავსებელია საქართველოს განცხადთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე და რომელიც ქვეყანას რუსეთის ავტორიტარულ ორბიტაზე გადაყვანის საფრთხეს უქმნის", - განაცხადა CPJ-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორმა გულნოზა საიდმა.
არაერთი საერთაშორისო მოწოდებისა და მოქალაქეების მრავალათასიანი აქციების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
ვეტოს დაძლევას ქართული ოცნების 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
პრეზიდენტმა რუსულ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო.
სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს პარლამენტს მხოლოდ ერთი შენიშვნით დაუბრუნა - კანონმა ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღე უნდა იმოქმედოს, რის შემდეგაც იგი ძალას დაკარგავს. მან უარი თქვა, კანონი მუხლობრივად განეხილა.
მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების და პარტნიორების კრიტიკისა და გაფრთხილებების მიუხედავად ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი 14 მაისს მიიღო. აღნიშნული კანონით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ცხადდება ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომლის დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყარო წარმოადგენს.
რუსულ კანონთან დაკავშირებით კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა ვენეციის კომისიამ.
კომისია მკაცრად ურჩევს ქართულ ოცნებას, გააუქმოს კანონი არსებული ფორმით. კომისია მოსაზრებაში ხაზს უსვამს, რომ კანონის არსებული ფორმით ნეგატიური ხარვეზები ექმნება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საჯარო საქმეებში საქმიანობის უფლებას, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვას.
კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ ეს კანონი გავლენას მოახდენს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე.
კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ოცნებაში ბრიფინგი გაიმართა. მმართველმა პარტიამ კრიტიკული დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ კომისიის სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა და თქვა, რომ "ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონის საწინააღმდეგო სამართლებრივი ან სხვა სახის არც ერთი არგუმენტი არ არსებობს".