CNN-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელის მოვალეობას შეასრულებს.
გამოცემის ინფორმაციით, რუბიომ ელ სალვადორში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან შეხვედრისას თავი USAID-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად წარადგინა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სააგენტო უპასუხისმგებლოდ მოქმედებდა და მისი საქმიანობა შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში არ შედიოდა.
რუბიოს განცხადებით, უწყების მთლიანად გაუქმებაზე საუბარი არ არის - მისი განმარტებით, სააგენტოს ყოველდღიური კონტროლი სახელმწიფო დეპარტამენტის თანამდებობის პირს გადაეცა.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, ფაქტობრივად, დახურა სააგენტო და საერთაშორისო დახმარების დიდი ნაწილი შეაჩერა. USAID-ის შტაბ-ბინა ვაშინგტონში ორშაბათს დაიხურა.
25 იანვარს გამოცხადდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თითქმის 90 დღით შეაჩერა საგარეო დახმარების თითქმის ყველა ხარჯი. როგორც ცნობილია, 85 დღეში რუბიო ტრამპს წარუდგენს ანგარიშს, სადაც ის მიუთითებს, რომელი პროგრამები უნდა განახლდეს და რომელი არა.
ტრამპი თვლის, რომ USAID-ს რამდენიმე რადიკალი გიჟი მართავს, რომელთაც თავიდან მოიშორებენ.
"მას რამდენიმე რადიკალი გიჟი მართავს და ჩვენ მათ თავიდან მოშორებას ვაპირებთ - შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.