ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ორგანიზაცია CANVAS-ის დირექტორი გიორგი მელაძე "გადატრიალების" გეგმის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ორგანიზაცია CANVAS-იც არის ნახსენები.
სუს-ის განცხადებაში CANVAS ნახსენებია როგორც ორგანიზაცია, რომელიც "რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება".
მელაძე წერს, რომ CANVAS არანაირ გადატრიალებას არ გეგმავს და სუს-ის დღევანდელი განცხადების ერთადერთი მიზანი "აქტიური ადამიანების დაშინებაა".
"სუს-ი ლაპარაკობს გადატრიალებებზე... რასაც ყოველთვის აკეთებს და ამჯერად ამ ყველაფერში ამატებს ორგანიზაცია კანვას-ს.
კანვას საქართველო-ს დირექტორი ამჟამად ვარ მე და არანაირ გადატრიალებას არ ვგეგმავ. განცხადების ერთადერთი მიზანია აქტიური ადამიანების დაშინება!
პირადად ჩემს წინააღმდეგ განცხადება გავრცელდა გაზაფხულზე. განცხადების ავტორი იყო კობახიძე და მაშინაც "ექსტრემისტი" მეძახა. ბოლო 20 წელია უამრავ ჯგუფთან და აქტივისტთან მიმუშავია და ჩემთვის ძვირფასი საქმეა სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ ადამიანებთან ერთად ფიქრი და მოქმედება უკეთესი მმართველობის სისტემების შესაქმნელად.
რასაც სუს-ი აკეთებს დღეს, ასეთი განცხადებები მომისმენია ავტორიტარული სახელმწიფოებისგან. მიუხედავად ყველაფრისა, მე გავაგრძელებ ჩემ საქმეს, არაძალადობრივი კამპანიების შესახებ ცოდნის გავრცელებას!", - წერს მელაძე Facebook-ზე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში "დესტაბილიზაცია და სამოქალაქო არეულობის მოწყობა" იგეგმება. უწყება განცხადებაში აღნიშნავს, რომ ამას "საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი" გეგმავს.
სუს-ში ამტკიცებენ, რომ ამის საბოლოო მიზანი "ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაა". მათი განცხადებით, "დესტრუქციული პროცესების დაწყების" თარიღებად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდი, როდესაც ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა უნდა გამოქვეყნდეს. უწყების თქმით, "სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად მომზადების შეთქმულთა მოლოდინი" გათვლილია იმ გარემოებაზე, რომ გამოქვეყნებული დასკვნა იქნება უარყოფითი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ გეგმის ავტორებად კონკრეტულ პირებს ასახელებენ - მათ შორის, სუს საუბრობს საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილესა და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძეზე, ასევე, მის დაქვემდებარებაში მყოფ ქართული წარმოშობის მქონე პირებზე.