გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პირველად გაემგზავრება საზღვარგარეთ მას შემდეგ, რაც მარტში მისი დაკავების ორდერი გამოიცა. მედიის ცნობით, ის ჩინეთს ეწვევა.
როგორც გამოცემა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, კრემლი უკვე ემზადება პუტინის ვიზიტისთვის, რომელიც ოქტომბერში შედგება - წყაროების ცნობით, პუტინი დათანხმდა ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის მიწვევას და ისშემოდგომაზე სარტყელი და გზის ინიციატივის ფორუმის ღონისძიებას დაესწრება.
ივლისში ცნობილი გახდა, რომ პუტინი იოჰანესბურგის BRICS-ის სამიტს ვერ დაესწრებოდა. მიზეზი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემული რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი იყო.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი 2023 წლის 17 მარტს გასცა - ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზეც.