BBC-ის ცნობით, ირანმა უარყო დასავლეთის მოწოდებები, უკან წაიღოს ისრაელის მიმართ მუქარა, რომელიც მან პალესტინური რადიკალური დაჯგუფება ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მოკვლის საპასუხოდ გამოთქვა.
ისრაელს ჰანიეს მკვლელობასთან კავშირი არ უღიარებია და არც უარუყვია.
ირანმა, რომელიც ჰამასის მთავარი მხარდამჭერია, ჰამასის ლიდერის მკვლელობაში ისრაელს დასდო ბრალი და პირობა დადო, რომ შურს იძიებს, რამაც რეგიონში უფრო ფართო ომის შესაძლებლობის შიში გააჩინა.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნასერ ქანანიმ განაცხადა, რომ ირანის მიმართ ასეთი თხოვნა მოკლებულია პოლიტიკურ ლოგიკას, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და წესებს და წარმოადგენს საჯარო და პრაქტიკულ მხარდაჭერას ისრაელის მიმართ.
დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც მოუწოდებენ ირანსა და მის მოკავშირეებს, თავი შეიკავონ თავდასხმებისგან, რომლებიც რეგიონულ დაძაბულობას კიდევ უფრო გაამწვავებს.
"ჩვენ საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერები, მივესალმებით კატარში, ეგვიპტესა და აშშ-ში ჩვენი პარტნიორების დაუღალავ შრომას ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის მიმართულებით", - წერია ერთობლივ განცხადებაში.