Reuters-ის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ირანსა და მის მოკავშირეებს თავდასხმებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ.
"ჩვენ საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერები, მივესალმებით კატარში, ეგვიპტესა და აშშ-ში ჩვენი პარტნიორების დაუღალავ შრომას ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის მიმართულებით", - წერია ერთობლივ განცხადებაში.
ლიდერების განცხადებით, ბრძოლა ახლავე უნდა დასრულდეს და ჰამასის მიერ დაკავებული ყველა მძევალი უნდა გათავისუფლდეს.
"შეშფოთებულნი ვართ რეგიონში გაზრდილი დაძაბულობით. მოვუწოდებთ ირანს და მის მოკავშირეებს, თავი შეიკავონ თავდასხმებისგან, რომლებიც კიდევ უფრო გაამწვავებს რეგიონულ დაძაბულობას და საფრთხეს შეუქმნის ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას", - აღნიშნულია განცხადებაში.
საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის შემდგომი ესკალაციის შედეგად სარგებელს ვერცერთი ქვეყანა ვერ ნახავს.