BBC არჩევნებთან დაკავშირებით HarrisX-ისა და Edison Research-ის შეფასებებზე წერს

BBC არჩევნებთან დაკავშირებით HarrisX-ისა და Edison Research-ის შეფასებებზე წერს

BBC ორი ამერიკული ორგანიზაციის, HarrisX-ისა და Edison Research-ის შეფასებებს ეხმაურება და წერს, რომ ორგანიზაციების ცნობით, გასულ კვირას, საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგები სტატისტიკურად აზრს მოკლებულია და მისი ლოგიკური ახსნა შეუძლებელია.

გამოცემის ინფორმაციით, ქართველმა დამკვირვებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს ხმის მიცემისას არაერთი დარღვევა, მათ შორის ამომრჩევლის მოსყიდვა, ბიულეტინების გაყალბება და არჩევნების წინ ამომრჩეველთა პირადობის მოწმობების ჩამორთმევა.

ამასთან, BBC აღნიშნავს, რომ ოცნების მტკიცებით, არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო, თუმცა მმართველი პარტია "რამდენიმე" საარჩევნო უბანზე დარღვევებს აღიარებს.

"Edison Research-ისა და HarrisX-ის შეფასებები ოპოზიციური პარტიებისა და საქართველოს პრეზიდენტის მიზანს, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად და მოპარულად მიიჩნევენ, ხელს შეუწყობს", - წერს BBC.

***

ამერიკული კომპანია HarrisX, რომელმაც მედიის თავისუფლების ფონდის დაკვეთით საარჩევნოდ ეგზიტპოლი ჩაატარა, საბოლოო ანალიზს აქვეყნებს და მიუთითებს, რომ ცესკოს მონაცემებში სტატისტიკურად აუხსნელი აცდენები კითხვებს აჩენს, რაც მოიცავს მინიმუმ 27 ოლქში სულ მცირე 172 523 ხმას, რაც ჯამური ხმების 8%-ზე მეტია.

HarrisX-მა ეგზიტპოლი საქართველოს 11 რეგიონში, 125 საარჩევნო უბანზე ჩაატარა და 12 007 ადამიანი გამოჰკითხა. საარჩევნო უბნები შემთხვევითობის პრინციპით აირჩა მოსახლეობის პროპორციული გადანაწილებით. ეგზიტპოლის ცდომილების ზღვარი +/- 0.9% იყო.

თავის მხრივ, ამერიკული ავტორიტეტული კვლევითი ორგანიზაცია Edison Research-ი, რომელმაც ეგზიტპოლი ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით მოამზადა, აცხადებს, რომ საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლსა და ოფიციალურ შედეგებს შორის განსხვავება კენჭისყრის მანიპულაციაზე მიუთითებს.

ორგანიზაცია დეტალურად აღწერს კვლევის მეთოდს და აღნიშნავს, რომ "13-პუნქტიანი სხვაობა Edison-ის ეგზიტპოლსა და ქართული ოცნების ოფიციალურ შედეგებს შორის [54%], ვერ აიხსნება მხოლოდ სტანდარტული ვარიაციით და ადგილობრივ დონეზე ხმებით მანიპულაციებზე მიანიშნებს".