კლუბი BASSIANI. რუსულ კანონს ეხმაურება. მათი თქმით, ახლა დუმილი დანაშაულის ტოლფასია, ხოლო ქუჩაში გასვლა და გამარჯვებამდე ბრძოლა თითოეული მოქალაქის ვალდებულება.
"უარი და წინააღმდეგობა ანტისახალხო რუსულ კანონს ჩვენი ქვეყნის მმართველმა კლასმა არ იკმარა წლების განმავლობაში წარმოებული ანტისოციალური, ანტისახალხო პოლიტიკა, ეკონომიკური და კულტურული ჩაგვრები, რომლითაც ანაწევრებდა საზოგადოებას და ამით, ქვეყანას მხოლოდ საკუთარი პირადი კეთილდღეობის წყაროდ აქცევდა.
2023 წლის მარტში, საყოველთაო პროტესტის შედეგად უკან გაწვეული რუსული კანონის დაბრუნებითა და დღეს მისი პირველი მოსმენით მიღებით, ამ პოლიტიკურმა კლასმა საბოლოოდ განაცხადა, რომ მათი მიზანი არაა, და არასდროს ყოფილა საზოგადოების კეთილდღეობაზე ზრუნვა. რუსული კანონი საქართველოს ართმევს წინსვლისა და განვითარების იმ გზებს, რომელიც, ქართველმა ხალხმა, ათწლეულების განმავლობაში, ყველა გამოწვევის, ომებისა და ნგრევის მიუხედავად, ერთად დგომითა და შეუპოვარი ბრძოლით მოიპოვა.
ამ მოღალატეობრივი და მავნებლური გადაწყვეტილების შემდეგ დუმილი დანაშაულის ტოლფასია, ხოლო მის წინააღმდეგ ხმის ამოღება, ქუჩაში გასვლა და ბრძოლა გამარჯვებამდე ქვეყნის თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა. BASSIANI უერთდება სახალხო წინააღმდეგობას და იმედს ვიტოვებთ, ამ წინააღმდეგობის ნაწილი გახდება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი ყველა ინდივიდი და ჯგუფი, რომლისთვისაც ამ ქვეყნის მომავალი ძვირფასი და მნიშვნელოვანია. არა რუსულ კანონს, დაიკავე ქუჩა - დღეს, პარლამენტის წინ, 19:00", - წერს BASSIANI.