
Axios-ის ცნობით, გუშინ, ვლადიმირ პუტინთან გამართული საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ვოლოდიმირ ზელენსკისა და სხვა დასავლელ ლიდერებთან ერთად სატელეფონო კონფერენცია გამართა. ტრამპმა მათ უთხრა, რომ პუტინი თანახმაა დაუყოვნებლივ დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები და ამ ეტაპისთვის, მის წინააღმდეგ სანქციების დაწესების იდეას ეწინააღმდეგებოდა.
როგორც გამოცემა, კონფერენციაზე დამსწრე წყაროებზე დაყრდნობით იწერება, ამ სიახლემ დასავლელ ლიდერებში გაკვირვება გამოიწვია, რადგანაც ისინი ელოდნენ, რომ თუ კრემლი ცეცხლის შეწყვეტაზე უარს იტყოდა, ვაშინგტონი მას დამატებით სანქციებს დაუწესებდა.
"ვფიქრობ, რაღაც მოხდება. და თუ ეს ასე არ იქნება, მე უბრალოდ განზე გავდგები და მათ [რუსეთსა და უკრაინას] მოუწევთ გააგრძელონ [მოლაპარაკებები]. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იყო ევროპული სიტუაცია და ევროპულ სიტუაციად უნდა დარჩენილიყო", - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან სატელეფონო ზარებიდან რამდენიმე საათის შემდეგ.
გამოცემის წყაროს ცნობით, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ იკითხა, თუ რატომ არ არის შესაძლებელი ცეცხლის შეწყვეტა მოლაპარაკებების დაწყებამდე მინიმუმ ორი კვირით ადრე, ხოლო კანცლერი მერცი ტრამპს ასევე ჩაეკითხა იმის შესახებ, თუ რა დათმობებზე აპირებს წასვლას რუსეთი.
ამის პასუხად აშშ-ის ლიდერმა მათ უთხრა, რომ პუტინი "მშვიდობის მემორანდუმს" წარადგენდა - თავისი პირობებით ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების შესახებ. თუმცა, ამავე დროს, ტრამპმა დასავლელი ლიდერები დაამშვიდა, რომ მან პუტინს სთხოვა წარმოედგინა ისეთი წინადადებები, რაზეც დათანხმება შესაძლებელია.
კონფერენციაზე ამერიკის პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა აზრი, რომ რუსეთმა და უკრაინამ ორმხრივი პირდაპირი მოლაპარაკებები მესამე მხარის შუამავლების გარეშე უნდა აწარმოონ, რადგან მათ ყველაზე კარგად იციან კონფლიქტის ყველა დეტალი. თუმცა, მელონიმ და მერცმა განაცხადეს, რომ ამ მოლაპარაკებებში ვინმე "მოსამართლე" უნდა იყოს, რაშიც აშშ და ევროპის ქვეყნები იგულისხმებიან. მოგვიანებით, ტრამპმა მოლაპარაკებების ადგილად ვატიკანის იდეა დაასახელა.