
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International საქართველოში მიმდინარე პროტესტზე ანგარიშს აქვეყნებს და წერს, რომ პროტესტის მონაწილე ქალები ძალადობისა და გენდერული ნიშნით ანგარიშსწორების სამიზნეები ხდებიან.
Amnesty International წერს, რომ საქართველოში პოლიცია სულ უფრო ხშირად მიმართავს გენდერულ ძალადობას, მათ შორის სექსისტურ შეურაცხყოფას, სექსუალური ძალადობის მუქარასა და საპროტესტო აქციებში მონაწილე ქალების უკანონო და დამამცირებელ ჩხრეკას, როგორც მათი კამპანიის ნაწილს, დასაჯონ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეები.
ანგარიშის თანახმად, პოლიცის სისასტიკე და ფიზიკური თავდასხმები მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ შემაშფოთებელი მას შემდეგ გახდა, რაც ქვეყანაში პროევროპული, ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების ძლიერი ტალღა დაიწყო.
ორგანიზაცია წერს, რომ საქართველოში ანტისამთავრობო აქციების ფონზე, სულ უფრო ხშირად ისმის ბრალდებები - ქალების მიმართ სექსუალური ძალადობისა და პოლიციის უკანონო ჩხრეკისას ქალების გაშიშვლების შესახებ.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ძალადობა და მომიტინგეების დაშინება.
Amnesty International მიუთითებს, რომ ხელისუფლებას შესაძლოა ჰქონდა იმედი, რომ ამ მუქარით, უკანონო გაშიშვლებითა და თვითნებური დაკავებებით ჩაახშობდნენ წინააღმდეგობის სულისკვეთებას, გააჩუმებდნენ მომიტინგეებს - თუმცა აღნიშნავს, რომ ნაცვლად ამისა, ქალები უფრო გაბედულად აღუდგნენ ამ ყოველივეს.
ორგანიზაციის თანახმად, ეს ძალადობები არა მხოლოდ არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, არამედ არღვევს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა კანონმდებლობასა და სტანდარტებს. ანგარიშში, სხვა მომიტინგეებთან ერთად, მითითებულია კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას დაკავების საქმეც.
ანგარიშში ასევე საუბარია ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაკავებაზეც და აღნიშნულია, რომ ორივე დაკავების შემთხვევაში, მას პოლიციამ სექსისტური შეურაცხყოფები მიაყენა.